|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პატრიარქი პარლამენტს უვადო პატიმრობის მუხლის შეცვლას სთხოვს

საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე მთავრობას და პარლამენტს უვადო პატიმრობის მუხლის შეცვლის თხოვნით მიმართავს, - ამის შესახებ დღეს ილია მეორემ ყოვლადწმიდა სამების ტაძარში საკვირაო ქადაგებისას ბრძანა. 

"მე მინდა თქვენი ყურადღება მივაქციო ერთ მოვლენაზე. ჩვენთან არიან პატიმრები, რომლებსაც ეწოდებათ უვადო პატიმრები. იმათ ყოველგვარი იმედი დაკარგული აქვთ, რომ ოდესმე დაბრუნდებიან, დაუბრუნდებიან თავის ოჯახებს, სამშობლოს და საქმეს. უვადო პატიმრობა მძიმე ტვირთია, ეს მეტად მძიმეა და მე ვფიქრობ, რომ ჩვენმა პარლამენტმა უნდა იფიქროს ამაზე, რომ  უვადო არაფერი არ არსებობს ფიზიკურ სამყაროში, უვადო მარტო ღმერთია.

თუ ესა თუ ის პატიმარი დადგა გამოსწორების გზაზე, თუ ესა თუ ის პატიმარი შრომობს და მაგალითია სიკეთის, ის შეიძლება შეუცვალო და პატიმრობა უკვე უვადო კი არ იყოს, არამედ რაღაც გარკვეული ვადა იყოს და იმედი მიეცეს მას, რომ ოდესმე გამოვა.

მე ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა მივიდეთ და მოწყალება გავიღოთ. მე მქონდა შეხვედრა მათთან, ისინი ლოცულობენ, შრომობენ, ხატებს წერენ და ხეებზე კვეთენ. ალბათ, ჩვენი პარლამენტი, ხელისუფლება ყურადღებას მიაქცევს ამ ადამიანებს," - ბრძანა პატრიარქმა.

წყარო:

ავტორი: ანი ლიპარიშვილი