|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისს საინვესტიციო პორტფოლიოს შემუშავებაში ნიდერლანდების სამეფოს წარმომადგენელი ეხმარება

ქუთაისში ნიდერლანდების სამეფოს ქ. დელფტოს წარმომადგენელი ბატონი გიდო ტენ დოლე იმყოფება.  ის საქართველოში ევროკავშირის ინიციატივის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ პერსონალის გაცვლის ხუთდღიანი პროგრამის ფარგლებში სტუმრობს და მისი ვიზიტის მიზანი ქალაქის საინვესტიციო პორტფოლიოს შემუშავებაში ქუთაისისთვის დახმარების აღმოჩენაა.

პერსონალის გაცვლის პროგრამის მონაწილე ნიდერლანდებიდან, ბატონი გიდო ტენ დოლე, რომელიც ქ. დელფტის ურბანული და ეკონომიკური განვითარების პორტფოლიოს ხელმძღვანელობს, შეხვდა ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებსა და საკრებულოს წევრებს, აგრეთვე, კერძო სექტორის, თავისუფალი ინდუსტრიული ზონებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებს. მათ განიხილეს ქუთაისის ურბანული და ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობები. ამასთან, ბატონმა ტენ დოლემ კოლეგებს გაუზიარა თავისი ცოდნა პოლიტიკის სტრატეგიებისა და ეკონომიკური ზრდის სფეროებში.

 „ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმის“ მიხედვით, ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მიზანია ინვესტორების მოზიდვა, ქალაქის საერთაშორისო ცნობადობის ამაღლება და ინკლუზიური ეკონომიკის განვითარება. ამ მიზნების მისაღწევად, პერსონალის გაცვლის ხუთდღიანი პროგრამის გამოცდილების საფუძველზე, ქუთაისის მუნიციპალიტეტმა შეიმუშავა საინვესტიციო პორტფელიოს კონცეფცია ახალი ხედვით, რომელიც ყურადღებას ამახვილებს ტურიზმის, ინდუსტრიული ზონებისა და უმაღლესი განათლების სფეროებზე. პორტფოლიოს საბოლოო ვერსიის შემუშავებას ქუთაისი 2019 წლის ბოლომდე გეგმავს.

ქუთაისის მერის მოადგილემ, ქალბატონმა ნინო თვალავაძემ განაცხადა, რომ „ქუთაისისთვის ძალიან შედეგიანი იყო ინიციატივის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ პერსონალის გაცვლის პროგრამაში მონაწილეობა. ვმუშაობთ ჩვენი ქალაქის ეკონომიკური განვითარების გეგმაზე და ამ ეტაპზე ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო პროფესიული რჩევები ქუთაისის როგორც საინვესტიციო შესაძლებლობის წარმოჩენის შესახებ. ქ. დელფტმა შეძლო საუნივერსიტეტო სექტორის დახმარებით საკუთარი საინვესტიციო პორტფოლიოს წარმატებით შემუშავება და განხორციელება. ამ მხრივ ჩვენ მსგავსი შესაძლებლობები გვაქვს. აქედან გამომდინარე, ბატონი გიდო ტენ დოლეს ექსპერტიზა განსაკუთრებით საინტერესო და პროდუქტიული იყო“.

თავის მხრივ, ქ. დელფტის ურბანული და ეკონომიკური განვითარების დირექტორმა, ბატონმა გიდო ტენ დოლემ აღნიშნა: „შეგვიძლია, თვალი გადავავლოთ განვლილ ძალიან ინტენსიურ კვირას, რომლის განმავლობაშიც ვესტუმრეთ ბევრ ადგილს და წარმოებას; გვქონდა სიღრმისეული დისკუსია მერის მოადგილესთან, საკრებულოს რამდენიმე წევრთან, დამსაქმებლების ორგანიზაციებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებთან; განვიხილეთ საინვესტიციო პორტფოლიოს შემუშავების საუკეთესო მეთოდები. გვაქვს რამდენიმე მნიშვნელოვანი იდეა სამომავლო ნაბიჯების შესახებ. ქუთაისს აქვს დამატებითი ინვესტიციების მოზიდვის დიდი პოტენციალი. წარმატებისთვის აუცილებელი იქნება ამ მხრივ მეტი კონცენტრირება და პრიორიტეტების მკაფიოდ გამოკვეთა“.

აღნიშნული გაცვლითი ვიზიტის შეფასებისას, ინიციატივის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ კოორდინატორმა საქართველოსა და აზერბაიჯანში, ბატონმა ზვიად არჩუაძემ განაცხადა, რომ „ქუთაისი საქართველოდან უკვე მეორე ხელმომწერია, რომელმაც წელს ამ პროგრამაში მიიღო მონაწილეობა. მოხარულები ვართ, რომ პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს და რომ ქუთაისში გამართული შეხვედრები ძალიან პროდუქტიული იყო. პერსონალის გაცვლის პროგრამის შეხვედრებისა და გამოცდილების გაზიარების წყალობით, ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტი მალე შეძლებს ახალი საინვესტიციო პორტფოლიოს მომზადებას და ამ გზით ქალაქის ეკონომიკურ განვითარებაში დამატებითი წვლილის შეტანას.“

პერსონალის გაცვლის პროგრამა, რომელიც ევროკავშირის ინიციატივის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ ფარგლებში ფუნქციონირებს, ევროკავშირის ქვეყნების მუნიციპალიტეტების თანამშრომლებს აგზავნის პროგრამის მონაწილეებთან თავიანთი გამოცდილების გაზიარებისა და დახმარების აღმოსაჩენად. ინიციატივის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ პერსონალის გაცვლის პროგრამაში ქუთაისამდე ივლისში, პოლონეთის ქ. კოსტრჟინის დელეგაცია ბაღდათის მუნიციპალიტეტს სტუმრობდა ბაღდათის, როგორც ტურისტული დანიშნულების ადგილის, წახალისების სფეროში თავიანთი ქართველი კოლეგების დახმარების მიზნით.

 

ინიციატივა  „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ 

ევროკავშირის ინიციატივის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ (M4EG) განხორციელება 2017 წელს აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვს სახელმწიფოში დაიწყო. მისი მიზანია ადგილობრივი თვითმმართველობების შესაძლებლობების გაძლიერება ადგილობრივი ეკონომიკის ზრდის სტიმულირების და სამუშაო ადგილების შექმნისთვის. 2019 წლის ზაფხულის მონაცემებით, ინიციატივას უკვე შეუერთდა 300 ადგილობრივ ადმინისტრაციაზე მეტი. მათი უმრავლესობა „უმცროსიდან“ „მოქმედ“ წევრად დაწინაურდა მას შემდეგ, რაც მათ შეიმუშავეს და დაიწყეს „ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმების“ განხორციელება. მოქმედი წევრების დასახმარებლად, ინიციატივის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ სამდივნომ დანერგა „პერსონალის გაცვლის პროგრამა“, რომლის ფარგლებშიც ევროკავშირის ქვეყნებიდან მუნიციპალიტეტების გამოცდილი თანამშრომლები ერთკვირიანი მისიით სტუმრობენ შერჩეულ მოქმედ წევრებს გამოცდილების გაზიარებისა და დახმარების აღმოჩენის მიზნით.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა