„პიჯაკის საქმეზე“ ბრალდებულები სასამართლო პროცესის დანიშვნას ითხოვენ
„თავისუფალი ზონისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების სასამართლო პროცესი გადაიდო. ე.წ. პიჯაკის საქმეზე ბრალდებულები პროცესის დანიშვნას ამ დრომდე ელოდებიან. სასამართლო სხდომა 10 ოქტომბერს ჩანიშნული, თუმცა გაურკვეველი ვადით გადაიდო.
მომხდარის გამო ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიმართავს ერთ-ერთი ბრალდებული. „თავისუფალი ზონის“ წევრი ნიკოლოზ ნარსია მოითხოვს, ცნობილი გახდეს სასამართლოს ზუსტი დრო. ის სასამართლოს გადადებას კი არჩევნების მეორე ტურს უკავშირებს.
„დაგვირეკეს და გვითხრეს არჩევნების წინა დღეებში, 10 ოქტომბრის შემდეგ დაგირეკავთო. "კოსტუმის საქმეზე" ბოლო სასამართლო უნდა გვქონოდა, თუმცა ამ დრომდე ველოდებით. რატომ გვეთამაშებით, დანიშნეთ ეს სასამართლო, კომიკურ მდგომარეობაში იგდებთ თავს. ჯერ გადაგვიდეს იმ მიზეზით, რომ არჩევნების შედეგები აინტერესებდათ, ახლა მეორე ტურის შედეგებს ელოდებიან. თუ სწორ გადაწყვეტილებას იღებთ, ამას პროტესტი არ მოყვება“, - წერს ნარსია.
შეგახსენებთ, რომ დეპუტატისათვის სიტყვიერი შეურაცხყოფისა და პიჯაკის შემოხევის ბრალდებით, გასულ წელს „თავისუფალი ზონისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები დააკავეს. კახა გაბუნია, ნიკოლოზ ნარსია და მირიან დეისაძე ორთვიანი პატიმრობის შემდეგ გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდენენ. მათი სასამართლო ამ დრომდე გრძელდება.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















