პირველი იანვრიდან პური შეფუთვისა და ეტიკეტირების გარეშე აღარ გაიყიდება
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია მიიჩნევს, რომ დღევანდელი მოცემულობით პური არ უნდა გაძვირდეს, რადგან ხორბლის მწარმოებელ ქვეყნებში უხვი მოსავალია. დანელიას განცხადებით, პურის რეგლამენტზე მუშაობა გასულ კვირას დასრულდა.
ეტიკეტზე მითითებული უნდა იყოს, რომელი ხარისხის ფქვილისგან არის გამომცხვარი პური, ხოლო პურის შიგთავსი სრულად უნდა შეესაბამებოდეს ეტიკეტზე მითითებულ შემადგენლობას. მისივე თქმით, არსებობს სტანდარტი, რომლის თანახმადაც, კონკრეტული წარმადობის პირობებში, მეწარმემ განსაზღვრული რაოდენობის პური უნდა გამოაცხოს.
"ახლა კი მწარმოებლები ერთმანეთს ეჯიბრებიან, რაც შეიძლება მეტი პურის წარმოებაში. ამ სფეროში კონკურენციის არაჯანსაღი პირობებია: ვიღაც საღებავს ამატებს პურს, ვიღაც რაღაც ახალ ტექნოლოგიას იგონებს, ვიღაც კი საფუარში რაღაცას ურევს. ლატვიის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ჩვენი პური რომ ნახა, გაოცდა: ეს რა არის, რას ჭამთო? რა თქმა უნდა, ვიცით, რა სირთულეებთან არის დაკავშირებული პურის ტექნიკური რეგლამენტის შემოღება, ამიტომაც გვინდა, ერთი მხრივ, ხელი შევუწყოთ მეწარმეებს, მაგრამ მოვთხოვოთ ხარისხიანი პურის წარმოებაც. რაც შეეხება ფქვილის რეგლამენტს, ის გულისხმობს ეტიკეტირების წესის, ტრანსპორტირებისა და შენახვის წესის დაცვას, რათა ეს პროდუქტი იყოს უვნებელი და ეტიკეტზე დატანილი ინფორმაცია შეესაბამებოდეს შიგთავსს", - განაცხადა დანელიამ.
კითხვაზე, თუ პურის რეგლამენტი შევა ძალაში 1-ლი იანვრისთვის, ეტიკეტირებისა და შეფუთვის გარეშე პური არ გაიყიდება, მინისტრმა აღნიშნა, რომ პურს სჭირდება სწორი მიდგომა, რომ ყველა ის პროცესი, რომელიც გათვალისწინებულია რეგლამენტით, იყოს ზედმიწევნით დაცული და მისი ხარისხი ეტიკეტს შეესაბამებოდეს. "არაკეთილსინდისიერ მეწარმეებს მოუწევთ ან ამ პირობების დაკმაყოფილება, ან ბაზრიდან გასვლა", - დასძინა დანელიამ.
წყარო: "კვირის პალიტრა"
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:29
18:25
15:07
12:11
















