|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"დვალიშვილებს კანონსაწინააღმდეგო ნივთი არ აღმოაჩნდათ"

 ქუთაისში მცხოვრები დვალიშვილები, მამა-შვილი, რომლებიც დღეს პოლიციის სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს, ამ დროისათვის გათავისუფლებულები არიან.

მათი ადვოკატის, კობა სოხაძის განცხადებით, დვალიშვილები პოლიციის სამმართველოში მოწმის სტატუსით დაიკითხნენ. მათ კანონსაწინააღმდეგო არაფერი დაუდასტურდათ, რის შედეგაც გაათავისუფლეს.   

მომხდატ ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს შსს. "2017 წლის 6 ივნისს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტს განცხადებით მიმართა ქუთაისში მცხოვრებმა მ.გ.-მ, რომ დ.დ. და ბ.დ. უკანონოდ შეძენილ ცეცხლსასროლ იარაღს ფლობდნენ, რომელიც, მათ შორის არსებული კონფლიქტის გამო, შესაძლოა, მის წინააღმდეგ გამოეყენებინათ. სამართალდამცველებმა შეტყობინების მიღებისთანავე მოახდინეს რეაგირება.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო. (ცეცხლსასროლი იარაღის  მართლსაწინააღმდეგო შეძენა ან შენახვა, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე) 

გამოძიების ფარგლებში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე, ჩატარდა ქუთაისში, დადიანის ქუჩაზე მდებარე დ.დ.-ს და ბ. დ.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა, ასევე, ბ.დ-ს პირადი და კუთვნილი ავტომანქანის ჩხრეკა, რა დროსაც პოლიციას რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი ან საგანი არ აღმოუჩენია და არც ამოუღია.

გამოძიების ფარგლებში გამოკითხვისას დ.დ.-მ დააფიქსირა, რომ 2017 წლის 5 ივნისს მ. გ.-მ მას სახლში ავტომანქანით, უცნობ პირთან ერთად მიაკითხა, ავტომანქანაში ჩაჯდომა მოსთხოვა და სახლიდან, დაახლოებით, 2 კილომეტრში, დაუსახლებელ ტერიტორიაზე წაიყვანა. მისი თქმით, ავტომანქანაში ყოფნის დროს, მ.გ.-მ მისგან კატეგორიულად მოითხოვა სესხად აღებული თანხის გადახდა, მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, შემოახია ტანსაცმელი და თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, ფიზიკური ლიკვიდაციით დაემუქრა. ამის შემდგომ მ.გ.-მ და უცნობმა პირმა დ.დ. აღნიშნულ ადგილზე დატოვეს, ხოლო თვითონ ავტომანქანით გაურკვეველი მიმართულებით გაემართნენ. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დ.დ-ს პოლიციისთვის აქამდე არ მიუმართავს და არც მომხდარის შესახებ შეუტყობინებია. საქმეზე გამოძიება გრძელდება.

აქვე აღვნიშნავთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, თითქოს მ. გ. ან მისი ძმები შსს-ს თანამშრომლები არიან, სიმართლეს არ შეესაბამება. მ.გ. შსს-ში 2011 წლიდან აღარ მუშაობს", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

რაც შეეხება დ. დვალიშვილის ცემის ფაქტს, ამ საკითხთან დაკავშირებით მოხდება თუ არა საქმის აღძვრა, ეს ამ ეტაპზე ცნობილი არ არის.  ადვოკატის განმარტებით, საქმეში გამოიკვეთა დამატებითი გარემოებები, მიმდინარეობს მოკვლევა, რის შემდეგაც გაირკვევა, თუ რა მსვლელობა მიეცემა საქმეს.

შეგახსენებთ, დვალიშვილები ფაქტს მათ მიერ წლების წინ გაბუნებისაგან ნასესხებ თანხას უკავშირებენ. მათი თქმით, ნასესები თანხის ძირი გადახდილი აქვთ, თუმცა პროცენტის გადახდა ვერ შეძლეს.

 

 

ამ თემაზე: ქუთაისში დვალიშვილების ოჯახი სამართალდამცველებს ზეწოლაში ადანაშაულებს

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა