|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ელოდებიან თუ არა სამართალდამცავებს "გირჩის" ქუთაისის ოფისში?

პოლიტიკური პარტიის „გირჩის“ თბილისის ოფისში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ჩხრეკა, სავარაუდოდ, ახალი წლის ღამეს პარტიის ოფისში განხორციელებულ ქმედებას უკავშირდება. პოლიტიკური პარტიის დამფუძნებლის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, გამოსაძიებელი არაფერია, რადგან ყველაფერი საჯაროდ მოხდა.

„გამოძიება 265-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც მცირე ოდენობით ნარკოტიკის შემცველ მცენარის კულტივირებას გულისხმობს. არადა მოხდა მეორე და მესამე ნაწილის დარღვევა, რადგან იყო ჯგუფური და იყო დიდი ოდენობით”, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ. მისივე ინფორმაციით, პარტიის ოფისში დაახლოებით 80-ე მეტი მარიხუანას ქოთანია.

"გირჩის" იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი თემურ ცამციშვილი  არ გამორიცხავს, რომ მსგავსი საგამოძიებო მოქმედებები ქუთაისის ოფისშიც ჩატარდეს.

„ვერც დავადასტურებ და ვერც უარვყოფ. შესაძლოა, ქუთაისშიც ჩაატარონ საგამოძიებო სამუშაოები. ბევრჯერ მითქვამს,  რომ  მსგავსი ნარკოპოლიტიკა არ არის დანაშაულებრივი და მსგავსი ქმედებები არ შეესაბამება დემოკრატიულ ქვეყნებს. ამაში პასუხისმგებლობა მიუძღვის, როგორც წინა ხელისუფლებას, ასევე დღევანდელს“,-განაცხადა ცამციშვილმა და აღნიშნა, რომ პარტიაში საგამოძიებო მოქმედებებს ელოდნენ.

ცამციშვილმა ასევე, განაცხადა, რომ რამდენიმე წუთის წინ მას დაუკავშირდა მოქალაქე, რომლის ინფორმაციით, ის დააკავეს სამართალდამცველებმა 14 გრამი მარიხუანას გამო. აღნიშნულ ფაქტზე სასამართლო პროცესი 14:00 საათზეა ჩანიშნული. პარტიაში ამ თემაზე ბრიფინგიც გაიმართება.

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა