|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პრემიერობის ყველაზე რეალურ კანდიდატად გიორგი კვირიკაშვილი სახელდება

პრემიერ - მინისტრის თანამდებობიდან ირაკლი  ღარიბაშვილის გადადგომის შემდეგ  პრემიერობის ყველაზე რეალურ კანდიდატად გიორგი კვირიკაშვილი მიიჩნევა. თუმცა, საუბარია, რომ აღნიშნულ პოსტზე რამდენიმე კანდიდატურა განიხილება.

"რამდენიმე კანდიდატურა განიხილება ნამდვილად, მათ შორის, არიან გიორგი კვირიკაშვილი, სხვა კანდიდატურებიც - სერგეენკო, ქუმსიშვილი, ბახტაძეც. ასე რომ, ალბათ, გამოითქმება სხვადასხვა მოსაზრება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ შევჯერდებით ყველაზე მისაღებ, ყველაზე რელევანტურ კანდიდატურაზე", - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ზვიად კვაჭანტირაძემ, თუმცა  მან ისიც აღნიშნა, რომ  ყველაზე რეალური კანდიდატი მაინც გიორგი კვირიკაშვილია.

გიორგი კვირიკაშვილი 2012-2015 წლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი იყო, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი - 2015 წლიდან, ვიცე-პრემიერი -2013 წლიდან. 1991 წელს დაამთავრა თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტი, შემდეგ 1995 წელს თსუ -ეკონომიკის  განხრით. 1198 წელს მიიღო მაგისტრის ხარისხი ფინანსებში ილინოისის უნივერსიტეტში.

1999- 2004 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის წევრი, 2006- 2011 წლებში სააქციო საზოგადოება "ქართუ ბანკის" გენერალური დირექტორი.


 ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერ-მინისტრის პოსტის დატოვების შესახებ განცხადება გუშინ გააკეთა. "მე დღეს ვტოვებ ამ თანამდებობას, მაგრამ ჩემი სამშობლოს ერთგულ ჯარისკაცად ვრჩები", - განაცხადა ღარიბაშვილმა. 

როგორ აფასებენ მოქალაქეები პრემიერის გადადგომას და მოსალოდნელ ცვლილებებს, ამის შესახებ "ნიუპრესი"  გამოკითხვას შემოგთავაზებთ.  

ავტორი: ირინა მაკარიძე