"წინასწარი შეთანხმება კანონთან არ მომხდარა, ან არასათანადოდ მოხდა"
არჩევნების თარიღის დანიშვნასთან დაკავშირებით პრეზიდენტის გადაწყვეტილების შესახებ განმარტებას "საიას" ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი სანტურიანი აკეთებს: "როდესაც ამ ტიპის გადაწყვეტილებებს იღებენ პოლიტიკური ფიგურები, მათ აქვთ ვალდებულება, რომ გადაწყვეტილების მიღებამდე ჯეროვნად შეამოწმონ ამ გადაწყვეტილების სამართლებრივი გამართულობა და შესაბამისობა კანონთან. სამწუხაროდ, ჩვენ ამ ნაწილში დავინახეთ, რომ წინასწარი შეთანხმება კანონთან არ მომხდარა, ან არასათანადოდ მოხდა. მოცემულ შემთხვევაში აუცილებელია, კონსტრუქციული და დროული მოლაპარაკებები, რათა თავიდან იქნეს აცილებული გაურკვევლობა, კრიზისი და კონსტიტუციის დარღვევა“,- განუცხადა სანტურიანმა "ნიუპრესს".
მისი განმარტებით, პრეზიდენტის მიერ თავდაპირველად პარლამენტის მორიგი არჩევნების გამართვის თარიღად 2016 წლის 8 ოქტომბრის დასახელება წინააღმდეგობაში მოდიოდა საარჩევნო კანონმდებლობასთან. თავის მხრივ, საქართველოს მთვარობამ, კონტრასიგნაციისათვის გადაცემული აქტი, მოტივირებული შენიშვნებით გადაუგზავნა საქართველოს პრეზიდენტს და მიუთითა, რომ უმჯობესი იქნება პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან დოკუმენტი წარმოდგენილი იყოს ისეთ დროს, რომლის გამოქვეყნებაც დაემთხვევა 8 ივლისს და 3 თვე იყოს აღებული წინასაარჩევნო ვადად.
"როგორც ვხედავთ, პრეზიდენტს თარიღთან დაკავშირებით აქვს განსხვავებული პოზიცია. საკითხავია, რა მოხდება თუ მთავრობა განმეორებით არ მოიწონებს პრეზიდენტის სამართლებრივ აქტს არჩევნების დანიშვნის შესახებ? საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებსამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, თუ მთავრობა კვლავ არ მოიწონებს საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივ აქტს, საქართველოს პრეზიდენტს აღარ შეუძლია გადასცეს პრემიერ-მინისტრს კონტრასიგნაციისათვის იმავე შინაარსის სამართლებრივი აქტი მისი განმეორებით უარყოფიდან 6 თვის ვადაში. აღნიშნული ნიშნავს, რომ არჩევნები ოქტომბერში ვეღარ ჩატარდება, რაც თავის მხრივ არღვევს საქართველოს კონსტიტუციას, სადაც მითითებულია, რომ პარლამენტის მორიგი არჩევნები ტარდება პარლამენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული წლის ოქტომბერში"-განმარტავს სანტურიანი.
შეგახსენებთ, გუშინ პრეზიდენტმა განაცხადა, რომ არჩევნების თარიღს მაისში გამოაცხადებს. "მე დამაჯერეს, რომ არჩევნების 60 დღეზე უფრო ადრე დანიშვნა იქნებოდა ფინანსურად დამანგრეველი. აღმოჩნდა, რომ ასე არ არის. ახლა გვთავაზობენ სხვა თარიღს, მაგრამ კიდევ უფრო უკეთესს გავაკეთებთ - მაისის დასაწყისშივე დავნიშნავთ არჩევნებს და გამოვცემ ახალ აქტს, რომელშიც იქნება ერთი წინადადება - არჩევნები დაინიშნოს 8 ოქტომბერს. ეს იქნება ბევრად უკეთესი ქართული საარჩევნო გარემოსთვის. მანამდე - მაისის დასაწყისამდე მთავრობას ექნება შესაძებლობა რომ ყველანაირად მოემზადოს”, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
ავტორი: ირინა მაკარიძე





13:50
21:51
11:02
16:29
















