პრომეთეს მღვიმის ვიზიტორები ნავით გასეირნებას ისევ შეძლებენ
დღეიდან პრომეთეს მღვიმის ვიზიტორები მღვიმეში ნავით გასეირნებას შეძლებენ. ინფორმაციას გარემოს დაცვის სამინისტრო ავრცელებს.
განახლებული სერვისით პირველმა, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე დავით მარკოზაშვილმა ისარგებლა.
”ნავით გასეირნების სერვისი პრომეთეს მღვიმეში 2012 წელს დაინერგა და დამთვალიერებლებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. სანაოსნო მონაკვეთი მდ. ყუმის სათავეს წარმოადგენს და მარშრუტის სიგრძე 380 მეტრია. ნავებით გასეირნების სერვისით სარგებლობა იმერეთის რეგიონში მომხდარი სტიქიის შემდგომ შეფერხდა, რა დროსაც წყალდიდობის შედეგად არსებული ნავების სადგომი დაიტბორა და ნავები მწყობრიდან გამოვიდა.
ამ ეტაპზე ვიზიტორებს პრომეთეს მღვიმეში 4 ახალი ნავი მოემსახურებათ, თითოეულს ერთდროულად 12 ადამიანის გადაყვანა შეუძლია”, - აცხადებენ სამინისტროში.
უწყებაში აცხადებენ, რომ ახალი ნავები თანამედროვე სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს.
ავტორი: ნიუპრესი