|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ქალაქის მერმა ხუმრობით მკითხა, შენ ხვალ ქორწილი ხომ ნამდვილად გაქვსო?"

ქუთაისის მერიის ეკონომიკის განვითარებისა და ადგილობრივი ქონების მართვის სამსახურის ყოფილი უფროსი პაატა კლდიაშვილი, ერთ-ერთია ქუთაისის მერიის იმ ხუთი სამსახურის უფროსიდან, რომელიც ქუთაისის ახლად არჩეულმა მერმა პირველსავე დღეებში მოხსნა.

მერიის ინფორმაციით, სამსახურის უფროსებმა ერთდროულად დაწერეს განცხადება სამსახურიდან წასვლის შესახებ. "ნიუპრესი" პაატა კლდიაშვილს დაუკავშირდა და ჰკითხა, თუ რა გახდა ასეთი ერთსულოვანი გადაწყვეტილების მიზეზი.

როგორც კლდიაშვილმა ჩვენთან საუბარში განმარტა, ის სამსახურში თავს მერის უფლებამოსილების ამოწურვის გადამდე დანიშნულად მიიჩნევდა და შოთა მურღულიას მერობის ვადის დასრულების შემდეგ ჩათვალა, რომ მისი უფლებამოსილების ვადაც ამოიწურა. თუმცა, როგორც აღნიშნა, ეს მისი პირადი გადაწყვეტილება იყო და კანონი ამას არ ავალდებულებდა.

ცოტა ხნის წინ პაატა კლდიაშვილმა მერიაში თავისი საქმიანობის 1000 დღე საკუთარ ფეისბუკგვერდზე შეაჯამა. ყოფილი საჯარო მოხელე, რომელიც მერიაში არასამთავრობო სექტორიდან მოვიდა, აცხადებს რომ  საკუთარი ქალაქისადმი ზრუნვას უკვე სხვა სექტორიდან გააგრძელებს.

ნიუპრესი უცვლელად გთავაზობთ პაატა კლდიაშვილის სტატუსს, სადაც იმ აქტივობების ვრცელი ჩამონათვალია, რომელიც მისი ჩართულობით ამ პერიოდში ქუთაისის მერიამ განახორციელა.

"დაახლოებით 1000 დღე გავიდა, რაც ქუთაისის მერიაში ეკონომიკური განვითარების და ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების მართვის სამსახურის (იმ დროს ასეთი სახელწოდება ჰქონდა და მოგვიანებით ტრანსპორტიც დაემატა) უფროსის პოზიციაზე დავიწყე საქმიანობა. მახსოვს ერთ-ერთ პირველ ინტერვიუში მცირე მონახაზიც გავაკეთე თუ როგორ მოვედი და რას ვგეგმავდით. მას შემდეგ დიდი დრო გავიდა . . . დიდი არა, 1000 დღე, რომელთაგან სამუშაო დღე იყო ალბათ დაახლოებით 700, მაგრამ 300 დღე კი არა, 30 დღეც კი არ იქნება ისეთი სამსახურში რომ არ მივსულიყავი. ამ 30-დან კი ერთ-ერთი იყო ჩემი ქორწინების დღე და ის ექვსიოდე დღე, რაც ქორწინების შემდეგ, 16 წლიანი სამუშაო სტაჟის განმავლობაში, ერთადერთ შვებულებაში გავატარე, თუმცა ქორწინების დღის წინა დღეს თითქმის 22.00 საათამდე სამსახურში ვიყავი, მახსოვს ქალაქის მერმა ხუმრობით მკითხა, შენ ხვალ ქორწილი ხომ ნამდვილად გაქვსო?

მოკლედ, ამ ხნის მანძილზე ბევრი რამ იყო: სამსახურში გატარებული ღამეები, დაძაბული და არანორმირებული დღეები, ხელოვნური და ბუნებრივი პრობლემები და ბარიერები და ა.შ. თუმცა ვიღაც იკითხავს, ვის ამადლი, ან ვისგან ითხოვ მადლობასო? რა თქმა უნდა, არავის ვამადლი, ან კი ვის უნდა დავამადლო, მე თუ რამ გავაკეთე, ვინმესთვის კი არა ჩემი ქალაქისთვის გავაკეთე და მადლობასაც პირიქით მე ვიხდი, რომ მომეცა საშუალება ამ პოზიციიდანაც გამეკეთებინა ცოტა რამ ქუთაისისთვის.

მაგრამ მთავარი მაინც ის არის, თუ რისი გაკეთება შევძელით და რისი ვერა. ეს ბოლო დღეებია ამაზე აქტიურად ვფიქრობდი და შედეგად კმაყოფილებისა და უკმაყოფილობის გრძნობები ებრძვიან ერთმანეთს.

და მაინც, რისი გაკეთება შევძელით?

1. სამსახურში შემოსული და დამუშავებული იქნა 10 000-ზე მეტი კორესპონდენცია (2013-2014 წ.წ. - 3500);
2. სამსახურს დაემატა ტრანსპორტის განყოფლება, დაემატა საკადასტრო აზომვითი ნახაზების მომზადების ფუნქცია და საკოორდინაციოდ დაემატა საკუთრების უფლების აღიარების კომისია. ამასთან, მოაკლდა ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი (გარდა ტურისტული ინფრასტრუქტურისა);
3. დაინერგა თანამშრომელთა ყოველკვირეული ანგარიშგების ელექტრონული სისტემა. სამსახურის ნებისმიერ თანამშრომელს, კურატორ მერის მოადგილეს და მერს დღესაც შეუძლია Google Drive-ზე საათების მიხედვით ნახოს თუ რას საქმიანობდა სამსახურის ესა თუ ის თანამშრომელი, მ.შ. სამსახურის უფროსი ნებისმიერ სამუშაო დღეს;
4. თვითმმართველობის საკუთრებაში რეგისტრირებული იქნა 1 000 000 მ2-ზე მეტი მიწა (2013-2014 წ.წ. – 420 000 მ2);
5. ქონების პრივატიზაციიდან ბიუჯეტში მობილიზებული იქნა 11 მილიონ ლარზე მეტი, მ.შ. 2017 წელს 1 დეკემბრის მდგომარეობით თითქმის 5,6 მილიონი ლარი, რაც არის რეკორდული მაჩვენებელი ქუთაისისთვის (http://factcheck.ge/…/bolo-10-tslis-ganmavlobashi-msgavsi-…/);
6. საკუთრების აღიარების კომისიამ 2016 წლის 1 აგვისტოდან (როცა კომისია კანონის შესაბამისად საკრებულოდან მერიაში გადმოვიდა) დღემდე ჩაატარა 31 სხდომა, თითოეულზე საშუალოდ 35 საკითხი, საერთო ჯამში კი, ოქმების შესაბამისად 1074 საკითხი (ყველა ოქმის საკითხების ჯამი) აქვს განხილული;
7. შეიქმნა მუნიციპალური ქონების აღრიცხვისა და მართვის ელექტრონული პროგრამა, გაკეთდა შესაბამისი ბაზები და მიმდინარეობს მისი ინტეგრირება ბანკებთან და სწრაფი გადახდის საშუალებებთან. პროგრამა უზრუნველყოფს:
• მუნიციპალური ქონების სრულ ელექტრონულ ბაზას;
• მუნიციპალიტეტის მიმართ ვალდებულებების სრულ კონტროლს;
• მრავალფეროვან ანგარიშგებებს;
• ონლაინ კავშირს ბანკებთან და სწრაფი გადახდის აპარატებთან;
• ავტომატური სმს შეტყობინებების გაგზავნას;
8. ქალაქში მსხვილი სასტუმროების აშენების მიზნით, ინვესტორთათვის შეთავაზებული იქნა მუნიციპალური ქონების შეძენისას 2 წლიანი უპროცენტო განვადება, რითაც უკვე ისარგებლა რამდენიმე ინვესტორმა;
9. განხორციელდა მუნიციპალურ საწარმოთა მართვის გაუმჯობესების სპეციალური პროექტი (ფინანსური მხარდამჭერი USAID/GGI). პროგრამის ამოცანები იყო:
• სახელმწიფო შესყიდვების სისტემის მოწესრიგება;
• ფინანსური და საგადასახადო აღრიცხვის სისტემის მოწესრიგება;
• დამფუძნებლის მიმართ ანგარიშგების ეფექტური სისტემის დანერგვა.
10. ჩატარდა მოქმედი ბიზნესების მასშტაბული კვლევა და შეიქმნა მათი ერთიანი ბაზა, რომელშიც გაერთიანებულია 3500-ზე მეტი ბიზნეს სუბიექტი ქალაქის მასშტაბით. კვლევის საფუძველზე დადგინდა/გამოვლინდა:
• საწარმოთა დარგობრივი სტრუქტურა;
• დასაქმებულთა სტრუქტურა;
• ყველაზე მოთხოვნადი პროფესიები;
• ძირითადი საექსპორტო პროდუქტები.
11. მუდმივად ტარდებოდა ადგილობრივი ბიზნესის პოპულარიზაციის ღონისძიებები: „2 მაისობა“, „დამოუკიდებლობის დღე“, „ქართული ღვინის დღე“ და ა.შ.
12. ტრადიციად ჩამოყალიბდა კონკურსის „წლის ბიზნესი“ ჩატარება, რომელშიც ყოველწლიურად 15-მდე ნომინაციაში ხდება ქალაქის საუკეთესო მეწარმეთა გამოვლენა-დაჯილდოვება მათი წახალისების მიზნით;
13. შეიქმნა ქალაქის მერთან არსებული ბიზნეს საბჭო, რომელიც მოწოდებულია განიხილოს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების აქტუალური საკითხები;
14. გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი USAID-ის პროექტთან - „დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა საქართველოში“ (GGI), რომელიც ითვალისწინებს:
• ურბანული განვითარების გეგმის მომზადებისას ტექნიკური კონსულტაციების და ფინანსური დახმარების გაწევას (მიმდინარეობს სამუშაოები);
• ქალაქის განვითარების სტრატეგიის მომზადებისას ტექნიკური კონსულტაციების და ფინანსური დახმარების გაწევას (დასრულდა);
• მერიის საქმიანობის შიდა და გარე შეფასების სისტემის დანერგვას (მიმდინარეობს შესრულება);
• და ა.შ.
15. შემუშავდა და ხორციელდება ქალაქ ქუთაისის განვითარების სტრატეგია „ქუთაისი 2021“. მასში განსაზღვრულია ქალაქის მისია, განვითარების სტრატეგიული მიმართულებები და პროგრამები, ასევე მისაღწევი შედეგები (https://matsne.gov.ge/ka/document/view/3384714);
16. პოლონეთის ქალაქ პოზნანის მერიასთან ერთად განხორციელდა საერთაშორისო პროექტი „ხარისხი ტურიზმში. გამოცდილების გაზიარება პოზნანსა და ქუთაისს შორის“;
17. ქალაქში დამონტაჟდა ტურისტული ობიექტების მიმანიშნებლები QR კოდებით და დიდი ზომის განათებითი რუკები, სასარგებლო ინფორმაციებით სამ ენაზე (ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით);
18. შემუშავებული იქნა ქალაქის ტურისტული ლოგო და სლოგანი;
19. შეიქმნა ქალაქის სამენოვანი (ქართული, ინგლისური, რუსული) ტურისტული ვებ-გვერდი: www.kutaisi.travel
20. შეიქმნა ახალი ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი, რომელიც არის საქართველოში ყველაზე დიდი და გათვალისწინებულია, რომ იყოს ყველაზე მრავალფუქციური;
21. განათდა „თეთრი ხიდი“, „რუსთაველის ხიდი“ და „წითელი ხიდი“ (კეთილმოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის მხარდაჭერით);
22. ჩატარდა დარგობრივი კვლევები:
• სამედიცინო სფერო,
• განათლების სფერო,
• სასტუმრო ბიზნესი.
23. განხორციელდა საპილოტე ენერგოეფექტური პროექტები:
• მზის ელემენტების მონტაჟი ს/კ „ტორპედოს“ საწვრთნელ ბაზაზე;
• „მზის გვირილა“.
24. ჩატარდა საერთაშორისო და ადგილობრივი ფორუმები და კონფერენციები ქალაქის და მისი პოტენციალის პოპულარიზაციის მიზნით, კერძოდ:
• საქართველო-ლატვიის რეგიონული ეკონომიკური ფორუმი;
• თვითმმართველობათა პირველი ეროვნული ფორუმი „საქართველოს ქალაქები - ქვეყნის განვითარების მამოძრავებლები“;
• აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ადგილობრივ ანტიკორუფციულ ექსპერტთა საერთაშორისო კონფერენცია;
• თვითმმართველობათა მეორე ეროვნული ფორუმი „საქართველოს ქალაქები - ქვეყნის განვითარების მამოძრავებლები“
25. ქუთაისი გახდა აბრეშუმის გზის სარტყელის ქალაქების საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი (ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა);
26. ქუთაისი არის პირველი ქართული ქალაქი, რომელიც გახდა ევროკავშირის ახალი ინიციატივის „მერები ეკონომიკური ზრდისათვის“ კლუბის წევრი;
27. ქუთაისი არის პირველი ქალაქი საქართველოში, რომელმაც გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით მოამზადა თვითმმართველობის ანტიკორუფციული სტრატეგია;
28. ქალაქში დამონტაჟდა „ელექტრონული ბიბლიოთეკები“ (ელექტრონული წიგნების სახლ „საბა“-სთან თანამშრომლობით);
29. გლობალური გარემოს დაცვის ფონდის (Global Environment Facility) მიერ დამტკიცებული იქნა 2 მლნ აშშ დოლარის ღირებულების საგრანტო პროექტი, რომელიც 2018 წლიდან დაიწყება და ითვალისწინებს:
• ქალაქის გენერალური განვითარების გეგმის მომზადებას (450 ათასი აშშ დოლარი);
• ქალაქისათვის ახალი, თანამედროვე სატრანსპორტო მოდელის და სატრანსპორტო ნაკადების მართვის სისტემის შექმნას (50 ათასი აშშ დოლარი);
• ახალი სატრანსპორტო საშუალებების (ავტობუსების) შეძენას საზოგადოებრივი ტრანსპორტის ავტოპარკის განახლების მიზნით (700 ათასი აშშ დოლარი);
• და ა.შ.
30. USAID-ის პროგრამის „დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა საქართველოში“ (GGI) ფინანსური მხარდაჭერით და ესტონეთის ელექტრონული მმართველობის ინსტიტუტის მონაწილეობით მზადდება ქუთაისის მერიის ახალი, თანამედროვე ინტერაქტიული ვებ-გვერდი და მიმდინარეობს თვითმმართველობის საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ელექტრონული სისტემა VOLIS-ის დანერგვა.

არავინ იფიქროს, რომ ეს ერთმა ადამიანმა გააკეთა, მასში მთელმა გუნდმა შეიტანა თავისი წვლილი და დიდი მადლობა თითოეულ მათგანს, დიდი მადლობა თითოეულ ჩემს კოლეგა სამსახურს მუდმივად მხარში დგომისათვის, დიდი მადლობა ქალაქის ხელმძღვანელობას აქტიური მხარდაჭერისათვის, დიდი მადლობა საერთაშორისო ორგანიზაციებს ქუთაისის მიმართ გამოჩენილი ყურადღებისათვის, დიდი მადლობა არასამთავრობო სექტორს - ჩემს ძველ მეგობრებს, და განსაკუთრებული მადლობა მედია საშუალებებს ჩვენი საქმიანობის საზოგადოებამდე მიტანისა და სამართლიანი კრიტიკისათვის.

მე კვლავაც ამ ქალაქს ვემსახურები, თუმცა უკვე სხვა სექტორიდან!"-წერს პაატა კლდიაშვილი. 

აღსანიშნავია, რომ კლდიაშვილმა ამ პერიოდში დაქორწინებაც მოასწრო, მისი რჩეული მერიის ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების უფროსი თამუნა ნიკოლეიშვილი გახდა.

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა