ქართულ ინტერნეტ სივრცეს რუსული კომპანია გააკონტროლებს?
სტრატეგიული ოპტიკურ-ბოჭკოვანი არხი შესაძლოა, რუსეთის ხელში აღმოჩნდეს - ეს განცხადება ,,თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ,,კურიერის“ ეთერში გააკეთა. საუბარია კომპანია ვიმ-პელ-კომზე, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთშიც ოპერირებს.
ალასანიას თქმით, ხელისუფლება მის გასხვისებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აწარმოებს. "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ეროვნული მარეგულირებელი კომისიისგან განმარტებას ითხოვს. მისივე თქმით, "თავისუფალმა დემოკრატებმა" აღნიშნულთან დაკავშირებით კომუნიკაციების ეროვნულ მარეგულირებელ კომისიას წერილობითაც მიმართეს. ალასანია აცხადებს, რომ ეს არის საგანგაშო და რისკის ქვეშ აყენებს ქვეყნის უსაფრთხოებას.
"მიმდინარეობს მოლაპარაკება სტრატეგიული ოპტიკურ-ბოჭკოვანი არხის გასხვისებაზე, რომლითაც იღებს საქართველო ინტერნეტს და მიბმულია ევროპასთან. აღსანიშნავია, რომ აქამდე ეს იყო ქართული კომპანიის ხელში და გვაქვს ინფორმაცია, რომ, სავარაუდოდ, ამას რუსული კომპანია ვიმ-პელ-კომი შეიძლება დაეპატრონოს. ეს ინფორმაცია იმდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, რომ აუცილებელია, განმარტება გააკეთოს ეროვნულმა მარეგულირებელმა კომისიამ. დღევანდელ მსოფლიოში იმდენად დიდია რისკი კიბერთავდასხმების, რომ ეს საკმაოდ საგანგაშო ინფორმაციაა," – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
აღნიშნული განცხადების საპასუხოდ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, ვახტანგ აბაშიძემ განაცხადა, რომ ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის და საერთოდ საქართველოზე გამავალი მაგისტრალების გაყიდვის საკითხი დღის წესრიგში არ დგას.
ვახტანგ აბაშიძის თქმით, განიხილება საკითხი "კავკასუს ონლაინის" საცალო სეგმენტის შესაძლო გასხვისებაზე კომპანია "მობიტელისთვის", რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელია რუსული "ვიმპელკომი" და ეს კომპანია 2006 წელს შემოვიდა საქართველოში:
"საუბარია საცალო ბაზრის სეგმენტზე და არა მაგისტრალური არხების, მათ შორის ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელების და რაც მთავარია, საქართველო-ბულგარეთის დამაკავშირებელი ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის შესახებ", - განაცხადა აბაშიძემ და აღნიშნა, რომ ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალები, ისევე, როგორც სხვა მაგისტრალები რჩება იმავე კომპანიის მფლობელობაში.
თავის მხრივ, ამ განცხადების პასუხად ირაკლი ალასანიამ აღნიშნა, რომ საკითხი შესწავლილი აქვთ და საქმე სწორედ ოპტიკურ-ბოჭკოვანი არხის გასხვისებას ეხება.
ავტორი: ნიუპრესი





11:02
16:29
16:27
13:32
















