|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რა პერსპექტივა აქვს იმერეთისა და და იტალიის რეგიონის თანამშრომლობას?

ბრიუსელში ვიზიტით მყოფი სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი იტალიის რეგიონის ფრიული–ვენეცია ჯულიას ბრიუსელის ოფისის ხელმძღვანელს რაფაელა ვივიანის შეხვდა. რეგიონი, რომლის დედაქალაქია ტრიესტი, ცნობილია კარგად განვითარებული მცირე და საშუალო ფერმერული მეურნეობებით, ტურიზმითა და ღვინით.

როგორც იმერეთის რწმუნებულის მოადგილემ "ნიუპრესს" განუმართა, შეხვედრის დროს განიხილეს  ერთობლივი პროექტების განხორციელების პერსპექტივები: "ჩვენ განვიხილეთ ის შესაძლებლობები, რომლებიც  რეგიონის 2014–2017 წლების საერთაშორისო თანამშრომლობისა და განვითარების პროგრამის ფარგლებში შეიძლება განხორციელდეს. აღნიშნული პროგრამის მიხედვით, საქართველო ერთ–ერთია ევროპის 12 პრიორიტეტულ ქვეყანას შორის. ამ პროექტების განხორციელების შემთხვევაში,  იტალიელი და ქართველი მეღვინეები და ფერმერები ერთმანეთს გამოცდილებას გაუზიარებენ",-აღნიშნა  იოსებ ხახალეიშვილმა.

  მისივე თქმით,  იტალიური მხარისათვის განსაკუთრებით საინტერესო იყო ქვეყანაში და რეგიონში არსებული საინვესტიციო გარემო. აღნიშნული თემის შესახებ მათ ვიცე–გუბერნატორმა მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე სხვადასხვა პროგრამების თაობაზე (აწარმოე საქართველოში; მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამა), რომელიც ინვესტიციებისა და ბიზნესის წარმოებას უწყობს ხელს, ასევე ინფორმაცია სხვადასხვა ფონდებისა და სააგენტოების (საპარტნიორო ფონდი; Invest in Georgia  და სხვა) საქმიანობის შესახებ. იყო საუბარი იმერეთში სოფლის მეურნეობისა და კონკრეტულად სასათბურე მეურნეობების განვითარების კუთხით, ტურიზმის, ლოჯისტიკური ცენტრისა და ბუნებრივი რესურსების მოპოვების სფეროში შესაძლო ინვესტიციების შესახებ.

განსაკუთრებული დაინტერესება იქნა გამოხატული წყალტუბოს საინვესტიციო პროგრამის და ზოგადად სპა ტურიზმის შესახებ. აღსანიშნავია, რომ პადუას პროვინცია, რომელიც ვენეტოს რეგიონში მდებარეობს, ისტორიულად ცნობილია როგორც თერმული წყლებით განთქმული სპა კურორტი.

   ამ და სხვა თემების უკეთ გაცნობისა და სამომავლო თანამშრომლობის ხელშეწყობის მიზნით, რეგიონის წარმომადგენლები ვიცე–გუბერნატორმა ოფიციალური ვიზიტით მოიწვია საქართველოში, რაც სიამოვნებით იქნა  მათ მიერ მიღებული.

 

ავტორი: ნიუპრესი