|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქეთი მელქაძე : „რასაც გონებაში ვხედავ, იმას ვაკეთებ“

მიუხედავად იმისა, რომ ხელოვნებასთან შეხება არ ქონია და ხატვა არ იცის, ლითონის ბადისგან უჩვეულო და ძალიან ლამაზ ფიგურებს ამზადებს.

თვითნასწავლმა მოქანდაკემ, ქეთი მელქაძემ წელიწად ნახევარია, რაც ეს ნიჭი საკუთარ თავში აღმოაჩინა. "გვირილობის" დღეეებში მისი   პერსონალური გამოფენა ქუთაისში  მოაწყო.  ”ნიუპრესი” გთავაზობთ ინტერვიუს ქეთი მელქაძესთან.

 - გვიამბეთ თქვენს შესახებ 

- დავიბადე თბილისში, განათლებაც თბილისში მივიღე, პროფესიით ფილოლოგი ვარ, თუმცა ბავშვობაში ნეიროქირურგობა მინდოდა.

-როდის აღმოაჩინეთ თქვენში შემოქმედების  ნიჭი ? 

-ხელოვნებასთან შეხება არასდროს მქონია. ხატვა საერთოდ არ ვიცი.  50 წლის ასაკში მოვკიდე ბადეს პირველად ხელი  და  ჩემი ფანტაზიით ვქმნი ქანდაკებებს.

-რის მიხედვით აკეთებთ ფიგურებს, რა არის თქვენი შთაგონების წყარო?

 -არასდროს ვიცი წინასწარ,  რას გავაკეთებ. იდეები მას შემდეგ მოდის, როცა ბადეს ხელს მოვკიდებ. არც ერთი ნამუშევრისთვის სახელი არ დამირქმევია.

რასაც გონებაში ვხედავ, იმას ვაკეთებ. შეიძლება, რამე სიტყვა მომივიდეს თავში და მერე გავაკეთო. ჩემი ხედვა მაქვს, როგორც ვხედავ, ისე ვაკეთებ. მაგალითად,  სიტყვა „სევდა” მომივიდა თავში და გავაკეთე. ერთხელ რესტორანში ვვახშმობდით და მეგობარმა ნამუშევრის ნახვა მოინდომა. მანქანაში მქონდა და შევიტანე.  მიმტანს დაუძახა და  ჰკითხა, აბა, ეს რა არისო. საოცარი იყო, როცა მიმტანმა უპასუხა - "სევდაო".

-რამდენად წარმატებულია ეს სფერო საქართველოში ?

-ფინანსურად ნაკლებად,  თუმცა, ჩემი მთავარი მიზანი ფინანსური სარგებელი არ არის. უბრალოდ, მიყვარს ის,

 რასაც ვაკეთებ.

-თქვენი ნამუშევრებიდან  რომელია თქვენთვის ყველაზე გამორჩეული, რომელსაც გასაყიდად ვერ გაიმეტებთ?

-ასე კონკრეტულად ვერ გეტყვით, ყველა ნამუშევარი ჩემთვის მნიშვნელოვანია. ქანდაკებას რომ ვასრულებ, რამდენიმე დღის შემდეგ ისე ძალიან აღარ მომწონს, ბოლომდე არასდროს ვარ ჩემი თავი კმაყოფილი.

-ლითონის გარდა სხვა მასალით თუ გიცდიათ ფიგურების შექმნა, მაგალითად, თიხით ?

-არა, არ მიცდია.

– მეორდება თუ არა თქვენი ნამუშევრები?...

– გამორიცხულია,  ორ ერთნაირ ფიგურას ვერ ვაკეთებ, ჩემს ინტერესში ერთი და იმავეს კეთება არ არის.

-თუ გიფიქიათ საზღვარგარეთ წასვლა და იქ მუშაობა ?

  -სხვადასხვა ქვეყნებიდან მაქვს  შემოთავაზებები, მაგრამ მხოლოდ ფიგურებს თუ გავაგზავნი. იმდენად მიყვარს ჩემი ქვეყანა, საქართველოდან წასვლის სურვილი არ მაქვს.

-ამ დროისთვის რამდენი ნამუშევარი გაქვთ?

-ძალიან ბევრი ნამუშევარი მაქვს. სხვადასხვა გალერეებში არის ჩემი  ფიგურები დაცული. ვინაიდან წელს შოთა რუსთაველის წელია, მის საპატივცემულოდ  ქანდაკება გავაკეთე, რომელიც   თბილისში, გალერიაში ინახება.

-რამდენიმე დღის წინ გაიხსნა თქვენი პერსონალური გამოფენა ქუთაისში, როგორი შთაბეჭდილება მიიღეთ ?

-ძალიან დადებითი განწყობით მივდივარ ქუთაისიდან. ეს იყო მე-9 გამოფენა საქართველოს მასშტაბით. ძალიან თბილად მიმიღეს აქ, რაც  მნიშვნელოვანია ჩემთვის. შემიყვარდა თქვენი ქალაქი და სექტემბრისთვის კიდევ გესტუმრებით  ახალი ნამუშევრებით და ვგეგმავთ, რომ  რამდენიმე ნამუშევარი  სამხატვრო გალერეას გადავცე საჩუქრად.

 

 

 

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა