|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუჩაში მოსეირნე ცხოველები და მუნიციპალური თავშესაფრის პრობლემები ქუთაისში

   ქუთაისის ქუჩებში მოსეირნე პირუტყვი სიახლე არაა, თუმცა პირუტყვის მიერ თურქეთიდან სპეციალურად ჩამოტანილი 40 000 ლარიანი ყვავილების დაზიანებამ საზოგადოების უკმაყოფილება გამოიწვია. პირუტყვის მფლობელებთან ერთად, პასუხისმგებლობას მერიის შესაბამის სამსახურსაც აკისრებენ, რომელსაც  პირუტყვის დაჭერა და მეპატრონისათვის ჯარიმის დაკისრება ევალება.

 ქალაქში მყოფი შინაური პირუტყვის დაჭერის ვალდებულება მერიის ააიპ "სპეციალური სერვისების" პრეროგატივაა, რომელიც სხვა საქმიანობასთან ერთად ცხოველების დაჭერას და თავშესაფარში გადაყვანას უზრუნველყოფს.

მერიის ააიპ "სპეციალური სერვისების" უპასუხისმგებლობაზე საუბრობს ასევე ააიპი "საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაციის“  წარმომადგენილი  მირანდა ჩოგოვაძე.  ის აცხადებს რომ მერიის  ააიპის ხელმძღვანელობა თანხებს არამიზნობრივად ხარჯავს. მისივე განცხადებით, მათ ორგანიზაციას ააიპის ხელმძღვანელობა ცხოველთა  მონიტორინგის ჩატარების საშუალებას არ აძლევს.

"საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაციამ 2016 წლის მარტში მიმართა "სპეციალურ სერვისებს" და  გამოითხოვა საჯარო ინფორმაცია. ბიუჯეტიდან გამოყოფილი ნახევარი მილიონი ლარიდან რამდენი მოხმარდებოდა უმეთვალყურეოდ დარჩენილ ცხოველთა აყვანას, ვაქცინაციას, კასტრაციას და გაშვებას, თუ რა თანხა იხარჯებოდა მიმდინარე სარემონტო სამუშაოებზე, რომელსაც დასასრული არ უჩანს და კიდევ ორი თვე გაგრძლედება. რაზედაც მივიღეთ პასუხი, რომ ბიუჯეტში კონკრეტული თანხა ამ მიმართულებით ჩადებული არ არის. ჩვენ ვიცით, რომ არ დევს ცალკე თანხა, მაგრამ ორგანიზაციას გათვლილი უნდა ჰქონდეს დაახლოებით უშუალოდ მოხეტიალე ცხოველების მოვლა–პატრონობისთვის რა თანხა დაიხარჯება.  ააიპი ბევრ პროექტს ახორციელებს  და თუ აქვთ წარმოდგენა იმისა, თითოეული პროექტი დაახლოებით რა ხარჯებს მოიცავს? ააიპის ხელმძღვანელი გელა გაგუა  ამბობს, რომ თანხა საჭიროებებისამებრ გაიხარჯება. საინტერესოა, საჭიროებაში რა იგულისხმება, რა ჭირდება სამუშაოებს, თუ რა ჭირდება გელა გაგუას?   საუბრობენ  სარემონტო სამუშაოების მასშტაბურობაზე და ვხედავთ ადმინისტრაციული შენობის დერეფანში დაგებულ ძვირადღირებულ, დეკორატიულ მეტლახს.   მაინტერესებს, სად იკვეთება მიუსაფარი ცხოველებისათის საჭიროება, ჭირდება ცხოველს გეომეტრიულად დაგებული მეტლახი? ასევე მინდა თანამშრომელთა რაოდენობას და ადმინისტრაციის მოვალეობას შევეხო. რა საჭიროა ადმინისტრაცია, თუ ვერ წყვეტს,  ვინ და რა რაოდენობით შევიდეს თავშესაფარში, თუ  არ აქვს უფლება მონიტორინგის მიერ შედგენილ ოქმს ხელი მოაწეროს?  თუ ამისთვის გენერალური დირექტორის თანხმობაა ჭირდება, მაშინ რა საჭიროა ადმინისტრაციული შენობა?"–განაცხადა ჩოგოვაძემ, რომელსაც შენიშვნა ხელფასებსა და თანამშრომლებთან დაკავშირებითაც აქვს.

"მეთვალყურეობის გარეშე დარჩენილი ცხოველების განყოფილების უფროსი თამაზ დეისაძე 1 300 ლარს იღებს.  ამ დროს არ აქვს უფლება, მონიტორინგის ჯგუფი შეუშვას ადგილზე. რაში იღებს თანხას, მხოლოდ იმაში, ვოლიერებს ჩამოუაროს და ნახოს, არის თუ არა შიგ ცხოველი? რატომ არის სამი დარაჯი,  ოთხი დამჭერი და მხოლოდ ერთი მძღოლი, რით განისაზღვრა თანამშრომელთა რაოდენობა? დამლაგებლის და დარაჯის ხელფასი ერთია, როცა დამლაგებელს მეტი პასუხისმგებლობა აქვს. რაც შეეხება მონიტორინგს, ცხოველთა დაცვის ფედერაციამ მოითხოვა მონიტორინგის უფლება, რაზედაც გვითხრეს, რომ უნდა მივმართოთ ორგანიზაციას, მოგვცენ ნებართვა და მათი ადმინისტრაციის წარმომადგენლის თანხლებით შეგვიძლია ადგილზე შესვლა და მონიტორინგი. ეს გულისხმობს იმას, რომ უნდა გავაფრთხილოთ მისვლის შესახებ, რომ მომზადებული დაგვხვდნენ. არაერთხელ შევთავაზეთ თანამშრომლობა, რომ მივცემდით რეკომენდაციებს, მაგრამ გაგუას არ შეუძლია საუბარი.  აცხადებს, რომ თანამშრომლობისთვის მზადაა, მაგრამ  ყოველი შეხვედრა ჩხუბით მთავრდება. მას ეშინია, რომ რაიმე დარღვევები არ გახდეს ცნობილი. გონივრული ეჭვია, რომ არის ფინანსური მაქინაციები", – განაცხადა ჩოგოვაძემ.

 

 

მისივე განცხადებით, თავშესაფარში ცხოველთა უფლებების დარღვევა ხშირად ხდება, რადგან ცხოველები ვოლიერებში ჯაჭვით ყავთ დაბმული.

"აქვე უნდა შევეხო მსხვილფეხა პირუტყვის ტრანსპორტირების საკითხს. არ შეიძლება მცირე ზომის "მარშუტკით" ტრანსპორტირება, როგორც ხდება. ეტყობა, ეს ყველაფერი მიაჩნიათ ევროპული სტანდარტად. რაც შეეხება ცხოველების მიერ ყვავილების ჭამის ფაქტს და უმეთვალყურეოდ გადაადგილებას, რაც ააიპის მიერ უნდა კონტროლდებოდეს, არ ხდება.  ააიპის ხელმძღვანელობას აზრადაც არ მოსდის თავშესაფრის მოწყობა, რომ დაჭერილი ცხოველები გადაიყვანონ. პრიორიტეტების განსაზღვრა არ ხდება.  მათ არ სურთ შენიშვნების მოსმენა და თანამშრომლობა, რადგან ცხოველთა დაცვის ფედერაცია ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს მონიტორინგს და არსად პრობლემა არ შექმნილა, გარდა ამ ქალაქისა"–განაცხადა მირანდა ჩოგოვაძემ. 

უმეთვალყურეოდ დარჩენილ ცხოველთა მოვლისათვის გასულ წლებში ტენდერი ცხადდებოდა.  თუმცა, ვინაიდან გამარჯვებული არ ახდენდა ცხოველთა სათანადო მოვლას, მერიის გადაწყვეტილებით, თავშესაფარი გასულ წელს მუნიციპალური გახდა. მასზე კონტროლი მერიამ აიღო.  თავშესაფარი ახალ ადგილზე გადაიტანეს, რისთვისაც ტერიტორია ინდმეწარმე "შალამბერიძისგან" გამოისყიდეს. აღსანიშნავია, რომ ინდმეწარმე "შალამბერიძე" ტერიტორიაზე თავშესაფარს ტენდერში მონაწილოებისთვის აწყობდა, თუმცა მერიის გადაწყვეტილების გამო მან იჯარით აღებული ტერიტორია მერიასვე დაუბრუნა.  დაბრუნების სანაცვლოდ ქალაქმა ბიუჯეტიდან 40 060 ლარი გადაიხადა. თანხა იმ სამუშაოებისთვის გადაირიცხა, რაც მფლობელმა ტერიტორიაზე შეასრულა. თუმცა მეთვალყურეობის გარეშე დარჩენილი ცხოველების განყოფილების უფროსი თამაზ დეისაძე აცხადებს, რომ ადგილზე გაკეთებული არაფერი ყოფილა და ყველაფერი თავიდან სრულდება.

    

"ტერიტორია რომ გადმოგვეცა,  ყველაფერი მოსაწყობი იყო. იყო რაღაცეები, რაც მფლობელს ჰქონდა მოწყობილი, მაგრამ ეს არ იყო იმ სტანდარტების, რაც ჩვენ გვჭირდებოდა. ამიტომ დავიწყეთ რეაბილიტაცია. თითქმის ყველაფერი შეიცვალა და ახლის შენება დაიწყო. ცხოველთა დაცვის ფედერაციის წარმომადგენლები არასწორ ინფორმაციას ავრცელებენ. ვინ უთხრა მათ, რომ სამუშაოები მარტში უნდა დასრულებულიყო, როდესაც ახალი წლიდან გადმოვედით და უზარმაზარი სამუშაოებია შესასრულებელი?  დაახლოებით 40 ახალი ვოლიერი კეთდება. გარემონტდა ადმინისტრაციის შენობა, სადაც ასევე საოპერაციო ოთახი მოეწყო,  აშენდა მოსაწესრიგებელი შენობა თანამშრომელთათვის.  ეს იქნება თანამედროვე სტანდარტის თავშესაფარი. ინგლისის დელეგაცია  გვეწვია, აღფრთოვანებულები დარჩნენ და "ცხოველთა დაცვის ფედერაციას" რა არ მოსწონს, ვერ გავიგეთ", –განაცხადა დეისაძემ.

   თავშესაფრის ცხოველების განყოფილების უფროსი  ჩოგოვაძის ბრალდებას აბსურდულს უწოდებს და აცხადებს, რომ მათი ინტერესი ცხოველთა მდგომარეობით დაინტერესებას სცდება და გაცილებით სხვა მიზნები აქვთ: "ჩასაფრებულ ადამიანებს ცხოველთა ბედი კი არ აინტერესებთ, არამედ სხვა დაინტერესება აქვთ და ცდილობენ, ტყუილი გაავრცელონ. თუ ადამიანს აინტერესებს ცხოველის ბედი, მოვა და ნახავს,  როგორ არიან ცხოველები, რას ვაჭმევთ და როგორ ვუვლით. რა ზომის მეტლახი დაიგო და რა ფერზე შეიღება, რატომ არის მათი ინტერესის სფერო? მათი მოთხოვნა არ შეესაბამება მათ ვალდებულებებს. რაც შეეხება მონიტორინგს, ჩვენ არ გვითქვამს, რომ არ შეიძლება, მაგრამ ყოველ მეორე დღეს მორბენა და ტერიტორიაზე შემოჭრა ვერ მოხდება. ვაცნობეთ, რომ მოგვმართონ წერილობით, მივცემთ თანხმობას და ჩვენი წარმომადგენლის თანხლებით ჩაატარონ მონიტორინგი, მაგრამ მათ ეს არ უნდათ.  შემჩნეული არიან არასწორი ინფორმაციის გავრცლებაში.   მათი მიზანია ქურდულად, ღამით მოიპარონ და აჟიოტაჟი ატეხონ.  ეს ორგანიზაცია თავად ააიპი არის და არავითარი სამართლებრივი ვალდებულება არ არსებობს, რომ მათი ყოველდღიური მონიტორინგი დავუშვათ. ჩოგოვაძეს უნდა, რომ ცხოველის უფლებებში გაერკვეს, მაგრამ არ უნდა რომ ჯერ თავის უფლებები გაარკვიოს. მათ ოფიციალურად არასოდეს მოუმართავთ. ჩვენ ვერ ვიგებთ, მათ რა აინტერესებთ. არ ამოწმებენ, რა გაკეთდა, კონსპირაციულად მოდიან და რაღაცეებს დაეძებენ, რას,  ვერ ვიგებთ", –განაცხადა დეისაძემ.

 თამაზ დეისაძე მსხვილფეხა ცხოველთა თავშესაფარზე საუბრობს. მისი თქმით, ამ დროისთვის ცხოველების დაჭერა არასათანადო პირობების გამო არ ხდება. თუმცა, მიმდინარეობს თავშესაფრის მოწყობა, რის შედეგაც მოხდება ქალაქში უმეთვალყურეოდ დარჩენილი ცხოველის დაჭერა და მეპატრონის დაჯარიმება.

 ქუთაისის მუნიციპალურ თავშესაფარში ამ დროისთვის 127 ძაღლია. მათ კასტრაცია და ვაქცინაცია უტარდებათ. შემდეგ კი ვეტერინარის ცნობის საფუძველზე მათი  ქალაქში გაშვება ხდება.  მიუხედავად  ააიპის წარმომადგენელბის განცხადებისა, რომ ცხოველები ვაქცინირებულნი არიან  და საფრთხეს არ წარმოადგენენ, ძაღლები მოსახლეობაში  ძირითადად კი, ბავშვებში შიშს მაინც იწვევენ.  ძაღლები, რომლებიც სხვადასხვა დაავადებების შედეგად საცოდავად გამოიყურებიან, აჩენს ეჭვს, რომ  დაავადების გადამტანები არიან.  მოგვარდება თუ არა მიუსაფარ ცხოველთა პრობლემა ქუთაისში,  ეს მხოლოდ თავშესაფრის საბოლოოდ  მოწყობის შემდეგ გახდება ცნობილი.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი