„ქუთაისელ დევნილთა“ გასაჭირი
დევნილები, რომლებიც 25-წელზე მეტია ქუთაისსა და წყალტუბოში სასტუმროების და სანატორიუმების ყოფილ შენობებში ცხოვრობენ, მძიმე პირობებზე საუბრობენ. წყალწითელას პანსიონატის ერთ-ერთ საცხოვრებელში (შენობა ხუთ სართულიანია) არ არის წყალი, გაზი და მოუწესრიგებელია კანალიზაცია. სვეტა ხვიტია პირველი ჯგუფის ინვალიდ შვილთან და სამ შვილიშვილთან ერთად ცხოვრობს. ის ამბობს, რომ მეხუთე სართულზე, სადაც არც წყალი და კანალიზაციაა, პანსიონატიდან მოშორებით მდებარე ჭიდან უწევს ყოველდღიურად ათეულობით ლიტრი წყლის ზიდვა. გარდა ამისა მოუწესრიგებელია გზა, რაც უფრო ართულებს მდგომარეობას.
„არაფერს ვამბობ იმაზე, რომ ბავშვებისთვის არაფერია გაკეთებული, არც საქანელა გვაქვს, არც მინდორი, რომ ბავშვები ცოტა გაერთონ. ჩვენი მდგომარეობის შესახებ იციან დევნილთა სამინისტროშიც და მათ ადგილობრივ წარმომადგენლობაშიც, მაგრამ განსახლებაზე არავინ არაფერს გვეუბნება. აქედან რამდენიმე ოჯახმა მიიღო ბინა და წავიდნენ, ჩვენც იგივე მდგომარეობაში ვართ, უფრო უარესშიც, მეხუთე სართულზე საერთოდ გვაწვიმს. ექსპერტიზის დასკვნა დადეს, არაა ნგრევადი შენობაო. თუ ასეა, მაშინ სხვამ როგორ დააგროვა ქულები და გადავიდნენ. ჩვენ რას გვერჩიან? მე არც ქმარი მყავს და ერთადერთი შვილი ინვალიდია. მეორე ომში დაიღუპა.“ წყალტუბოს სანატორიუმ „წყალტუბოში“ 20-ზე მეტი ოჯახი ცხოვრობს. მათი საცხოვრებელი პირობებიც გაუსაძლისია. ქალების უმრავლესობა უმუშევარი და სოციალურად დაუცველია. ჰყავთ მცირეწლოვანი ბავშვები, რომლებიც სიცოცხლისთვის საშიშ პირობებში ცხოვრობენ. მარიამ კინწურაშვილი მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად სანატორიუმის მეორე სართულზე ცხოვრობს. „უმძიმესი მდგომარეობა გვაქვს. კედლები იშლება, ყოველი ქარის და წვიმის დროს გვეშინია აგურები არ დაგვეცეს თავში. ბავშვები სულ ავად გვყავს, ხშირად ცივდებიან. არც იმის საშუალება გვაქვს ექიმებთან ვიაროთ.“ სასტუმრო „მეტალურგშიც“ იგივე მდგომარეობაში ცხოვრობენ ქალები და ბავშვები.
ელისო ლატარიას თმით: „ვართ უმიშევრები, სოციალურად დაუცველები, ჩემს დედამთილს დახმარება მოუხსნეს იმის გამო, რომ ნათესავმა ტელევიზორი აჩუქა. მივედით სააგენტოში და ხელახლა გადაგამოწმებთო და მერე ვნახოთ ქულების მიხედვით თუ აღგიდგებათ დახმარებაო. მანამდე რა ვქნათ. მე არ ვმუშაობ, ჩემი დედამთილი პენსიონერია, ქმარიც უმუშევარი, ბავშვი ვერ გავუშვი სკოლაში ფეხსაცმელი რომ არ ქონდა...“ გარდა ამ საკითხებისა, რომელზეც დევნილები საუბრობენ ქალებს აქვთ კიდევ სხვა პრობლემებიც, რომელიც ჯანმრთელობასა და განათლების მიღებასთანაა დაკავშირებული. ქალები იმის გამო, რომ ბავშვებს და მძიმე საოჯახო საქმიანობას ვერ წყდებიან, ვერ ახერხებენ მისვლას გამოკვლევებზე გინეკოლოგთან, რეპროდუქტოლოგთან და სხვა სპეციალისტებთან. ასევე მათთვის მიუწვდომელია განათლების მიღებაც, რადგან შვილებს ვერ უხდიან სწავლის გადასახადს. მედიკო ჩიქვილაია ამბიბს, რომ მისი ორი შვილი წერეთლის უნივერსიტეტში მოეწყო, თუმცა იმის გამო, რომ ვერ შეძლო გადასახადის გადახდა, სტუდენტებს სტატუსი შეუჩერეს. შეხვედრები „დაუჭირე მხარი ქალთა პოლიტიკაში ჩართულობას!“ ფარგლებში ჩატარდა, რომელიც ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით.
ავტორი: ნიუპრესი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















