|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ქუთაისელი მაღალჩინოსნები ქალაქში რუსეთის აგენტებს ეპატიჟებიან"

ქუთაისში არასამთავრობო ორგანიზაციის "ევროპა ჩვენი სახლია"  წევრებმა ბრიფინგი გამართეს. მათ რუსეთის მაღალჩინოსნების ვიზიტი გააპროტესტეს. ორგანიზაციის დამფუძნებლის გია გოქაძის განცხადებით, ქვეყანასთან რომელთანაც ოფიციალური დიპლომატიური ურთიერთობები არ გვაქვს, ქუთაისის  საკრებულოს  თავმჯდომარე  დავით დვალი და მისი მოადგილე ბექა ყანჩელი  ოფიციალური ვიზიტით სტუმრობენ და ტურიზმის სახელით ორგანიზაციის წევრებს ქალაქში იწვევენ. 

„ჩვენ ქვეყანას არ აკლია რუსეთის "ფსბ"-სა და "გერეოს"  წარმომადგენლები. მათი მოწვევის გარეშეც ბევრი არიან, ამიტომ, ვითომდა, ტურიზმის სახელით მოწვეულები არ უნდა ჩამოვიდნენ ქვეყანაში.  თუკი დვალსა და ყანჩელს სურთ რუსეთში გამგზავრება, ეს მოახდინონ საკუთარი ხარჯებით და არა ბიუჯეტით. მათი ვოიაჟი ქალაქს 7 ათასი ლარი დაუჯდა, რაც დაუშვებელია და ბიუჯეტის არამიზნობრივი ხარჯვაა. ქვეყანასთან არ გვაქვს ოფიციალური ურთიერთობა, საელჩოც კი არ ფუნქციონირებს და რატომ მიდიან საჯარო მოხელეები?  რუსეთის  მშვიდობიანი დამოკიდებულება კარგად ჩანს  ხურვალეთში, სადაც რუსეთის ტანკები დგანან, მივიდნენ და იქ ნახონ, როგორია რუსეთის მშვიდობიანი დამოკიდებულება“,- აღნიშნა გოქაძემ.

გოქაძე მოითხოვს გაუქმდეს მიღებული შეთანხმება, ასევე საკითხზე იმსჯელოს საკრებულომ და პოზიცია დააფიქსიროს იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ. 

ბრალდებას საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე აბსურდულს უწოდებს.

„ამ ბრალდებაზე საუბარი საერთოდ აბსურდულია, იმ დონეზე, რომ ამ ადამიანის ადექვატურობა დგება კითხვის ნიშნის ქვეშ. თვითმმართველობის წარმომადგენლები ყველა ნორმალურ მუნიციპალიტეტში მოწადინებული არიან, კარგად იყოს წარმოჩენილი ქვეყნის, მხარის და ქალაქის ტურისტული პოტენციალი, ჰყავდეს მეტი ტურისტი, დასაქმდეს მეტი ადამიანი და რაც შეიძლება, მეტი ტურისტის მიერ შემოტანილი თანხა დაიხარჯოს და დარჩეს ადგილზე. აღნიშნულ მიზანს ემსახურებოდა ქუთაისის წარმომადგენლობის ვიზიტიც,“-განაცხადა ბექა ყანჩელმა.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა