ქუთაისელი ნია წოწონავა საერთაშორისო ფესტივალში საქართველოს სახელით წარსდგება
2016 წლის საერთაშორისო ენისა და კულტურის ფესტივალის (IFLC) შესარჩევი ტური გაიმართა.
სიმღერის კონკურსში ქუთაისის ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმის მე-10 კლასის მოსწავლემ ნია წოწონავამ საქართველოს მასშტაბით ფინალისტის საგზური მოიპოვა.
კონკურსში მონაწილეობას ჩაღლარის დაწესებულების სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები იღებდნენ. შერჩევა თურქეთში სპეციალურად შექმნილი კომისიის მიერ მოხდა.
გამარჯვებული 2016 წლის მაისში რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში გამართულ ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას.
ბუქარესტის ხმის კონკურსის შემდეგ ნია გაემგზავრება გერმანიაში ქალაქ დუსელდორფში, იმავე ფესტივალის ტურნირში მონაწილეობის მისაღებად. საერთაშორისო ენისა და კულტურის ფესტივალი (International Festival of Language and Culture IFLC) არის ყოველწლიური ღონისძიება და მასში მონაწილეობას იღებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი.
ფესტივალი 2003 წელს დაიწყო და მასში მხოლოდ 17 ქვეყანა იღებდა მონაწილეობას. თუმცა, 2015 წელს 145 ქვეყანა და 2000 მონაწილე იყო ჩართული. ფესტივალის ორგანიზატორები ცდილობენ ხელი შეუწყონ კვლევის, სწავლისა და ინფორმაციის გაცვლას მშვიდობის, მეგობრობისა და ურთიერთგაგების მხარდაჭერით.
ფესტივალის მონაწილეები ამყარებენ მეგობრულ კავშირებს სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან და აცნობენ თავიანთი ქვეყნის კულტურულ მემკვიდრეობას. მიწვეული ქვეყნის მასშტაბებით ჩართულნი არიან სხვადასხვა ღონისძიებებში, რომელიც სპეციალურად მათთვის იგეგმება პარლამენტში, სამინისტორებში, მუზეუმებში და სხვადასხვა ღირსშესანიშნავ ადგილებში.
ნია წოწონავამ 2015 წელს ასევე მიიღო აღნიშნულ ფესტივალში მონაწილეობა და იმყოფებოდა ყირგიზეთის დედაქალაქ, ქალაქ ბიშკეკში, სადაც საქართველოს წარმოადგენდა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





21:51
11:02
16:29
16:27
















