|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისელმა ბიზნესმენმა "ენერგო–პრო ჯორჯიას" სასამართლოში უჩივლა

ქუთაისელმა ბიზნესმენმა ამბერკ დვალიშვილმა  "ენერგო–პრო ჯორჯიას"   სასამართლოში უჩივლა. დვალიშვილი კომპანიას  ხელშეკრულების გაყალბებაში ადანაშაულებს. მისი თქმით,  აღნიშნული კომპანია  სხვადასხვა მაქიანიციებს მიმართავს და ბიზნესის განვითარებაში, ბიზნესმენს ხელს უშლის. დვალიშვილის განცხადებით,  "ენერგო პრო ჯორჯიამ"  ახალ წარმოებაში, შპს "ლუდსახარში დვალიშვილი",  ელექტროენერგიის მიწოდება  შეუწვიტა, რის გამოც ბიზნესმენი ვერ ახერხებს პროდუქციის რეალიზაციას. მისივე თქმით, კომპანია სრულიად გაუგებარ თანხას მოითხოვს  ბიზნესმენისგან. 

"ახალი ბიზნესის წარმოებაში, კომპანია "ენერგო–პრო ჯორჯიას"  ხელს მიშლის. კონკრეტულად, კომპანიას უნდა მოეწოდებინა ელექტროენერგია შპს "ლუდსახარში დვალიშვილი"–ს  აბონენტზე, რაც სიტყვიერი შეთანხმებით მივაღწიე. მოხდა ის, რომ ელექტროენერგია დეკემბერში შემიწყდა. მიზეზი როდესაც მოვიკითხე,  აღმოჩნდა, რომ  შეთანხმების გარეშე მოგვაწოდეს მაღალი კვეთის ელექტროენერგია, რაც ჩვენს კომპანიას არც სჭირდებოდა და არც მოთხოვნა გვქონია. კომპანიამ წარმომიდგინა ხელშეკრულება, რომელიც არის გაყალბებული, რა თქმა უნდა, მივმართე სასამართლოს და ველოდები სამართლიან გადაწვეტილებას",– აღნიშნა დვალიშვილმა.

ბიზნესმენის განცხადებით, ეს არის ახალი წარმოება, რომელიც უნდა შევიდეს ექსპლუატაციაში, თუმცა აღნიშნული პრობლემის გამო შპს "ლუდსახარში დვალიშვილი" პარალიზებულია. დვალიშვილი იმასაც აღნიშნავს, რომ "ენერგო–პრო ჯორჯიასგან", ეს პირველი შემთხვევა არ არის 2014 წელს შპს "აია"–შიც   შეიქმნა მსგავსი პრობლემა, თუმცა სასამართლომ  ბიზნესმენს გამამართლებელი განაჩენი გამოუტანა და  თანხის გადახდისგან გაათავისუფლა.

"ნიუპრესი" აღნიშნულთან დაკავშირებით  "ენერგო–პრო ჯორჯიას"  დაუკავშირდა.  კომპანიის წარმომადგენლის განმარტებით, ორგანიზაციას ელექტროენერგია თანხის გადაუხდელობის გამო შეუწყდა.  "დავაში,  საუბარია არა რაიმე ხელშეკრულებაზე, არამედ განაცხადზე გამანაწილებელ ქსელზე ახალი აბონენტის მიერთების შესახებ. (ტექნიკური პირობა), რომელიც ფ/პ ქეთევან დვალიშვილის ორგანიზაციის წარმომადგენელმა წარმოადგინა კომპანიაში გასული წლის აპრილში და რომელშიც ის 120 კვტ-ს სიმძლავრის მიწოდებას ითხოვს ქუთაისში ი.ჭავჭავაძის N8-ში განთავსებული ობიექტისთვის. განაცხადს თან ახლდა მოთხოვნილი სიმძლავრის ღირებულების 50%-ის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. განაცხადს ხელს აწერს ქ.დვალიშვილი. კომპანიამ საჭირო ტექნიკური სამუშაოები სრულად შეასრულა და აბონენტს, კანონით გათვალისწინებულ ვადებში, ძაბვა მიაწოდა, მაგრამ მოგვიანებით, მოთხოვნილი სიმძლავრის ღირებულების სრულად არ დაფარვის გამო მას ელენერგიის მიწოდება შეუწყვიტა. ამის შემდეგ ამბერკი დვალიშვილმა განაცხადა, რომ ამდენი სიმძლავრე არ სჭირდება და მხოლოდ 50 კვტ საკმარისია, რის გამოც უარი განაცხადა დარჩენილი ნაწილის გადახდაზე და მოითხოვა ძაბვის მიწოდების აღდგენა. აღნიშნულის შესახებ მან არაერთხელ მიმართა კომპანიას, აგრეთვე სამთავრობო სტრუქტურებს და სემეკს. დავის განხილვის პროცესში ენერგო-კომპანიამ ორგანიზაციას ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგინა. ახლაც და მომავალშიც სს "ენერგო-პრო ჯორჯია" კანონით და მარეგულირებელი ორგანოების მიერ დადგენილი ნორმების მიხედვით იმოქმედებს", -განუცხადა "ნიუპრესს" კომპანიის წარმომადგენელმა. 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი