ქუთაისი პირველი ქალაქია, სადაც ანტიკორუფციის მეთოდოლოგია დაინერგება
ქუთაისში ანტიკორუფციის პროფესიონალთა ქსელის მე-2 რეგიონული კონფერენცია მიმდინარეობს.
ღონისძიებაში მონაწილეობენ საქართველოს, მოლდოვას, უკრაინისა და თურქეთის ანტიკორუფციის პრაქტიკოსები, ადგილობრივი თვითმმართველობისა და არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
შეხვედრის მიზანია ანტიკორუფციის პროფესიონალთა ქსელის გაძლიერება და ოთხ მონაწილე ქვეყანას შორის გამოცდილების გაცვლა ახალი ანტიკორუფციული მეთოდოლოგიის “Islands of Integrity” ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე დანერგვის საქმეში.
მეთოდოლოგია “Islands of Integrity” განკუთვნილია როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორებისათვის და მიზნად ისახავს პოლიტიკასა და საორგანიზაციო სისტემებში კორუფციის შესაძლებლობების გამოვლენას და შესაბამისი პრევენციული ზომების გატარებას.
ქუთაისი საქართველოს პირველი მუნიციპალიტეტია, სადაც იგეგმება აღნიშნული ინოვაციური მეთოდოლოგიის განხორციელება.
კონფერენციის მონაწილეებმა გაცვალეს გამოცდილება ანტიკორუფციული პოლიტიკის დანერგვის საკითხებში და იმსჯელეს ინოვაციური მეთოდოლოგიის გავრცელების შესაძლებლობაზე შავი ზღვის აუზის სხვა ქვეყნებში.
ანტიკორუფციის პროფესიონალთა ქსელის პირველი რეგიონული შეხვედრა ჩატარდა მისი დაარსებისას, 2016 წლის 13 ოქტომბერს, კიშინოვში (მოლდოვა), შავი ზღვის არასამთავრობო ორგანიზაციათა მე-8 ფორუმის ფარგლებში.
ქუთაისის შეხვედრა შავი ზღვის არასამთავრობო ორგანიზაციათა მე-9 ფორუმს უკავშირდება. მისი ორგანიზატორები არიან რუმინეთის არასამთავრობო ორგანიზაციათა პლატფორმა FOND, ხოლო მხარდამჭერები ევროკავშირის კომისია, რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონალური წარმომადგენლობა და ორგანიზაცია „სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციათა პარტნიორობა განვითარების ეფექტიანობისთვის“ (CPDE).
ავტორი: ნიუპრესი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















