|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისი სლოვენიის რესპუბლიკის ქალაქ მარიბორთან დამეგობრდა

ქუთაისი სლოვენიის რესპუბლიკის ქალაქ მარიბორთან დამეგობრდა. ამის შესახებ  "ნიუპრესს" ქუთაისის მერიის პრესსამსახურმა აცნობა.

 დამეგობრების დოკუმენტს ხელი  ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ და ქალაქ მარიბორის მუნიციპალიტეტის მერმა ანდრეი ფიშტრავეცმა მოაწერა.  ცერემონია სლოვენიაში ჩატარდა, სადაც ოფიციალური ვიზიტით ქუთაისის მერი შოთა მურღულია, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დვალი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ლატარია და მერიის საგარეო ურთიერთობების და საერთაშორისო პროექტების განყოფილების უფროსი დავით მეგრელიშვილი  იმყოფებოდნენ.

ქუთაისის თვითმართველობის წარმომადგენლები სტუმრად ყოფნისას მყარი ნარჩენების კომპანიაში მუშაობის სპეციფიკას გაეცვნენ. ასევე დაათვალიერეს სპორტული და ხელოვნების დარგის ინფრასტრუქტურული პროექტები. 
,,მინდა ავღნიშნო, რომ ეს კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია ჩვენი ქალაქისთვის. ქუთაისისთვის მნიშვნელოვანია, რაც უფრო მეტი დამეგობრებული ქალაქი ეყოლება ევროკავშირის სივრცეში“ , -განაცხადა შოთა მურღულიამ.
ქუთაისს საერთო ჯამში, 15 დამეგობრებული ქალაქი ჰყავს. 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი