|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის 2016 წლის ბიუჯეტში ცვლილებები შევიდა

ქუთაისის საკრებულომ 2016 წლის ბიუჯეტში შესული ცვლილება დაამტკიცა. საკითხი განსახილველად  ვიცე-მერმა კონსტანტინე ქავთარაძემ წარადგინა.

საბიუჯეტო ცვლილებით, გაიზარდა სპორტული კლუბებისა და თეატრის დაფინანსება.  407 000 ლარი დაემატა „ტორპედოს“, 115 000 საკალათბურთო გუნდს, 15 000 მესხიშვილის თეატრს, ასევე 198 000 ლარი დაემატა გარეგანათების პროექტს.

აღნიშნული ცვლილებით, ქუთაისის ბიუჯეტმა 74 200 800 ლარი შეადგინა. ცვლილება სატენდერო და სხვა სახის ეკონომიებით განხორციელდა.

საკრებულოს დეპუტატის ნატო ქათამაძის შენიშვნა მოყვა სოციალური პაკეტების დაფინანსების შემცირებას. მისი განცხადებით, დასრულდა არჩევნები და ხელისუფლებამაც მოსახლეობის პრიორიტეტებზე უარი თქვა.  მას  ქუთაისის მერმა უპასუხა.  მისი თქმით, სოციალური პაკეტების დაფინასება იმ კუთხით გაიზარდა, რომელიც უფრო მოთხოვნადი იყო.

„ჩვენ ვსწავლობთ ყველა სამსახურის საქმიანობას, აღმოჩნდა, რომ სამედიცინო სახის დახმარებებში მოსახლეობას მედიკამენტოზურზე მეტად საოპერაციო ხარჯების დაფინანსება სჭირდებოდა, ამიტომ ერთი ნაწილიდან თანხები გაცილებით მნიშვნელოვან ნაწილში გადავიტანეთ და რეალურად სოციალური სამსახურის დაფინასება არ შეცვლილა“, -აღნიშნა მურღულიამ.

მერის განცხადებით, ასევე მნიშვნელოვანია სპორტული კლუბების დაფინასება. როგორც მერმა განმარტა, „ტორპედოს“ წელს  ყველაზე დაბალი ბიუჯეტი აქვს წინა წლებთან შედარებით.

რაც შეეხება ცვლილებებს, კონსტანტინე ქავთარაძის განცხადებით, ვინაიდან საარჩევნო პერიოდში ბიუჯეტში ცვლილების განხორციელება არ შეიძლებოდა, ამიტომ არ არის გამორიცხული წლის ბოლომდე ბიუჯეტში 2 ცვლილება შევიდეს.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი