ქუთაისი-ბარსელონას ავიარეისის გაუქმება დაპირისპირების მიზეზი გახდა
ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ქუთაისი-ბარსელონას ავიარეისის ჩაშლა დაპირისპირების მიზეზი გახდა.
რეისი 16.00 საათზე უნდა შესრულებულიყო. მგზავრების თქმით, რამდენიმე საათის განმავლობაში თვითმფრინავში მოუხდათ ყოფნა, გაითიშა კონდიცირების სისტემა, რამდენიმე ადამიანს სასწრაფო- სამედიცინო დახმარება დასჭირდა.
მგზავრები აცხადებენ, რომ რეისის გადადების მიზეზი ავიალაინერის ტექნიკური გაუმართაობაა. ისინი გზის გადაკეტვას გეგმავდნენ, რისი საშუალებაც მათ საპატრულო პოლიციამ არ მისცათ.
მგზავრების განმარტებით, ავია კომპანიის „ვიზეარის“ წარმომადგენლები მათთან არ გამოჩენილან და კომპანიამ მხოლოდ სასტუმროში გადაყვანა და სხვადასხვა რეისებზე გადანაწილება შესთავაზა.
"საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ განცხადების თანახმად, ავიაკომპანია „ვიზეარის“ თვითმფრინავის რეისის ქუთაისი-ბარსელონას შესრულების დროს დაფიქსირდა ტექნიკური ხარვეზი.
"კომპანიის ტექნიკოსების და თვითმფრინავის კაპიტნის რეკომენდაციით მიღებულია რეისის გაუქმების გადაწყვეტილება. მგზავრებს ბილეთების მომდევნო რეისებზე გადასაცვლელად, ან თანხის უკან დასაბრუნებლად შეუძლიათ მიმართონ საინფორმაციო სამსახურს ადგილზე, ან დაუკავშირდნენ ავიაკომპანია „ვიზეარის“ ცხელ ხაზს: 07 06 777 483. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ბოდიშს უხდის მგზავრებს შექმნილი დისკომფორტის გამო. ის მგზავრები, რომლებიც გაფრენას მომდევნო რეისით გადაწყვეტენ, მათი ტრანსპორტირებისა და სასტუმროს ხარჯებს კომპანია „ვიზეარი“ აანაზღაურებს“, - ნათქვამია ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















