|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ბაღების გაერთიანება 187 თანამშრომელს სასამართლოში უჩივის

ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანება 187 თანამშრომელს სასამართლოში უჩივის. საქმე ეხება 11 დეკემბერს გაფიცული ბაღების თანამშრომლებს, რომლებმაც სწავლა ერთი დღით შეაჩერეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას #1 ბაგა-ბაღის ყოფილი გამგე ზაალ ხონელიძე ავრცელებს. ხონელიძის განცხადებით, ბაღების გაერთინებამ გაფიცული თანამშრომლების წინააღმდეგ სასამართლოს 2016 წლის 4 იანვარს მიმართა, თუმცა მოსამართლე ციცინო კიკვაძემ საქმე განხილვაში არ მიიღო.

6 თებერვალს კი იგივე მოსამართლემ გაერთიანების იგივე სარჩელი წარმოებაში მიიღო.  უახლოეს მომავალშიკი  სასამართლო პროცესი გაიმართება.

ზაალ ხონელიძის განცხადებით, განმეორებითი მოთხოვნის შემდეგ საქმის წარმოებაში მიღება მიუთითებს იმაზე, რომ სასამართლოზე მაღალჩინოსნების ზეწოლა მოხდა.

„აღნიშნული ფაქტი გვაფიქრებინებს, რომ სასამართლოზე მოხდა ზეწოლა, საქმეში ჩაერთო ქუთაისის მერია და  მხარის გუბერნია, რადგან ვიცე-გუბერნატორის მეუღლე თამთა ფოფხაძე გაერთიანების თანამშრომელია. ეს ადამიანები მოითხოვენ სასამართლოსგან უკანონოდ იქნას ცნობილი 11 დეკემბრის გაფიცვა, რომ ეს თანამშრომლები სამსახურიდან გაუშვან“-აცხადებს ხონელიძე.

მისივე თქმით, დაუშვებელია ორმაგი სანქცია ადამიანებზე, რომლებიც ერთი დღით გაიფიცნენ.  მათ უკვე დაექვითათ ხელფასი, ახლა კი გაერთიანება მათ სამსახურიდან გათავისუფლებას ცდილობს, რაც კანონდარღვევაა.

ხონელიძე იმედოვნებს, რომ სასამართლო არ გამოიტანს უკანონო გადაწყვეტილებას და არ დააკმაყოფილებს მაღალჩონოსანთა ახირებას. მისივე თქმით, ამ პროცესების გამო თანამდებობის დატოვება თავად გაერთიანების ხელმძღვანელს ნანა ლორთქიფანიძეს მოუწევს.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი