ქუთაისის ბიბლიოთეკაში წიგნადი ფონდის ციფრულ ფორმატში გადაყვანა მიმდინარეობს
ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკაში არსებული საბიბლიოთეკო ფონდების ციფრულ ფორმატში გადაყვანა გრძელდება. ამისათის ქუთაისის 2018 წლის ბიუჯეტიის პროექტში 715 000 ლარია გათვალისწინებული.
პროექტში ასევე მითითებულია ფონდების შევსება უახლესი ლიტერატურით, არსებული ფონდების დამუშავება სპეციალური მეთოდოლოგიით, სამეცნიერო საქმიანობის ხელშეწყობა, ინოვაციური პროცესების დანერგვა, საქალაქო და საბავშვო ბიბლიოთეკების ინფრასტრუქტურის მოწესრიგება თანამედროვე საბიბლიოთეკო სტანდარტების შესაბამისად, თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება.
ბიბლიოთეკის დირექტორის ნარგიზა ჩოგოვაძის განცხადებით, ჯერ ვერ იტყვის სამუშაოების დასრულების თარიღს, თუმცა აცხადებს, რომ გაციფრულება კარგ ტემპში მიმდინარეობს.
„წიგნების გაციფრულება მიმდინარეობს, როდის დასრულდება, ვერ გეტყვით. ზოგ წიგნზე მუშაობა მალე სრულდება, ზოგი მეტ დროს მოითხოვს, რთული სამუშაოა, თუმცა, როგორც სპეციალისტები ამბობენ, კარგი ტემპით მივდივართ, პერიოდულად ხდება შეხვედრები ამ საკითხზე და შეიძლება ითქვას, კარგი ნამუშევარია“, –განაცხადა ნარგიზა ჩოგოვაძემ.
რაც შეეხება რეორგანიზაციას, მისი თქმით, მისთვის შესაძლო ცვლილების შესახებ არ უცნობებიათ.
ბიბლიოთეკის ქსელში დასაქმებულია 138 თანამშრომელი, რომელთა შრომის ანაზღაურების ფონდი შეადგენს 670,8 ათას ლარს, აქედან ადმინისტრაციის წილი შეადგენს 11.2%–ს და დანარჩენი ხარჯები გათვალისწინებულია ფონდების მოვლა–პატრონობასა და სხვა მიმდინარე ხარჯებისათვის.
შეგახსნებთ, რომ წელს დაიწყო საუბარი ბიბლიოთეკისთვის ახალი შენობის მოძებნაზე. მერიაში განმარტავენ, რომ არსებული შენობა ავარიულია და მისი შეკეთება დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















