|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რატომ უხდის მადლობას ქუთაისის მერი თვითმმართველობის წარმომადგენლებს?

ქუთაისის 2016 წლის ბიუჯეტმა  პირველი ცვლილება განიცადა. გასულ წელს მიღებული ნაშთის სახით ბიუჯეტში საკრებულომ 6 700 000 ლარიანი ცვლილება დაამტკიცა. აღნიშნული თანხა პრიორიტეტულ პროექტებზე გადანაწილდა. ქუთაისის მერის განცხადებით, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდში მიღებული ახალი წესით, მუნიციპალიტეტებს 5%–იანი თანადაფინასება მოეთხოვებათ, რის გამოც დაჩქარებული ტემპით მოხდა საკრებულოს სხდომის მოწვევა, რომ აღმასრულებელ ხელისუფლებას დასაფინასებელი პროექტების ნუსხის შედგენა მოესწრო.

"ეკონომიების ხარჯზე მიღებული დანაზოგითა და 2015 წლის ბიუჯეტის ნაშთით, 2016 წელს ბიუჯეტში პირველი ცვლილება განხორციელდა. ჩვენ უკვე დამტკიცებული ბიუჯეტიდან  დაზუსტებულ ბიუჯეტზე გადავედით. მინდა მადლობა გადავუხადო როგორც აღმასრულებელ, ასევე საკანონმდებლო ხელისუფლებას, რადგან ქამრების შემოჭერის პოლიტიკა მათ სწორად გაიგეს და სოლიდური თანხები დავზოგეთ პრემიების ხარჯზე. ცვლილებამ დაახლეობით 6 700 000 ლარი შეადგინა. ჩვენ მოვამზადეთ იმ პროექტთა ნუსხა, რომელიც რეგიონებში განსახორციელებელი ფონდის მიერ თანადაფინასებით უნდა განხორციელდეს. ჩვენი სურვილია ფონდის მიერ თანხების პირველივე გადანაწილებაზე მივიღოთ თანხა, რომ მოვახდინოთ პროექტების დროული დატენდერება",–განაცხადა მურღულიამ.

რაც შეეხება პრიორიტეტებს, არსებული თანხიდან 1 300 000 ლარი ბაღებს დაემატა. საიდანაც  დაახლოებით ნახევარი მილიონი ბაღებში ცხელი წყლის სისტემის დამონტაჟებას მოხმარდება, დანარჩენი კი ხელფასებს, ასევე გაიზრდება კულტურულ დაწესებულებათა თანამშრომლების და ბიბლიოთეკის თანამშრომელთა ხელფასები. თანხები გადანაწილდა ინფრასტრუქტურულ და კულტურულ პროექტებზე.  მერის თქმით, გასულ წელს ბიუჯეტში ნაშთის სახით დარჩენილი თანხა რეკორდულად მცირედია, რაც მიანიშნებს იმას, რომ მერიამ 2015 წელს ყველა დაანონსებული პროექტი წარმატებით დასრულა.

 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი