|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"დიდი თურქობა დავარქვი ამას"-ქუთაისში გაჭიანურებულ სამუშაოებს საკრებულოს უმრავლესობა აკრიტიკებს

ქუთაისის ბიუჯეტი 2 322 700 ლარით გაიზარდა. მერიის საფინანსო პოლიტიკისა და სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის უფროსის დავით ნიშნიანიძის ინფორმაციით, ბიუჯეტის ზრდა რეგიონული განვითარების ფონდიდან გამოყოფილი თანხით მოხდა. მისი ინფორმაციით,  ფონდმა მერიას მეორე ეტაპზე ჯამში,  2 868 400 ლარი გამოუყო, თუმცა 545 500 ლარი ვაჭრობის შედეგად მიღებული  ეკონომიებით დაიზოგა. მიმდინარე წლის ბიუჯეტი  66 363 600 ლარს შეადგენს.

აღნიშნული თანხით სამი პროექტი განხორციელდება, ესაა დუმბაძის, იაშვილის და ბარათაშვილის ქუჩების რეაბილიტაცია. 

ფონდიდან დაფინანსებულ პროექტებს მხარი არ დაუჭირა საკრებულოს ოპოზიციამ. "ნაციონალური მოძრაობის" წევრების განცხადებით, ეს არის საარჩევნო პიარის ნაწილი და რეალურად, ინფრასტრუქტურული პროექტები ვადებში არ სრულდება. 

"ასათიანის და რუსთაველის ქუჩებზე სამუშაოები გაჭიანურებულია. ასათიანის ქუჩაზე თურმე  ახლა  პროექტირება მიმდინარეობს. რუსთაველის ქუჩაზეც დაუსრულებელია სამუშაოები და ვხედავთ, რომ ვერც თბილისის ქუჩა მოესწრება. ამბობენ, რომ ქუჩის დასასრულებლად ვადები არის, მაგრამ თუ გადავხედავთ სამუშაოებს საეჭვოა, რამდენად ვადაში მოესწრება"-განაცხადა ბესიკ ბრეგაძემ. ოპონენტი ასევე აქცენტს აკეთებს იმ ფაქტზე, რომ მერია იმ ქუჩებს აკეთებს, რომლებიც მათ ინტერესშია, მაგალითად იაშვილის ქუჩას ასახელებს, რომელზეც ქალაქის მერი ცხოვრობს. 

ოპონენტების სკეპტიკურ დამოკიდებულებას არ იზიარებენ მერიაში. მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი მირზა ხიდაშელი განმარტავს, რომ თბილისის ქუჩაზე სამუშაოები ვადებში მოესწრება, რაც შეეხება ასათიანის ქუჩას, ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ქუჩაზე შესრულებული სამუშაოები უხარისხო იყო, ამიტომ  პროექტირებაზე ტენდერი გამოცხადდა. 

რუსთაველის ქუჩაზე "გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" მიერ განხორციელებულ სამუშაოებს გამოეხმაურა საკრებულოს უმრავლესობის წევრი ლაშა გვენეტაძე. მან ოპოზიციის შენიშვნა გაიზიარა და განმარტა, რომ კომპანიის გაჭიანურებული სამუშაოების გამო ქალაქს პრობლემები ექმნება.

"დიდი თურქობა დავარქვი ამას, ნამდვილად არასასიამოვნოა ის, რაც ხდება, ჩვენც ვხედავთ ამას და ხდება კომპანიის დაჯარიმება"-განაცხადა ლაშა გვენეტაძემ.

საბიუჯეტო ცვლილებას საკრებულოს უმრავლესობამ მხარი დაუჭირა.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა