|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ბოტანიკურ ბაღს "მედეას" სახელი მოეხსნა

ქუთაისის ბოტანიკურ ბაღს ააიპის სტატუსთან ერთად სახელიც ჩამოერთვა. მერიის გადაწყვეტილებით, ბაღი "მედეას" სახელს აღარ ატარებს.

 სახელის შეცვლის ზუსტი მიზეზი უცნობია ბაღის მმართველისთვის.

"რეორგანიზაციის ფარგლებში შეეცვალა სახელწოდება. ზუსტი მიზეზი არ ვიცი, მაგრამ მოექცა თანამედროვე სტანდარტებში და ძველი სახელი დაერქვა. ამასთან, ბაღში მედეას სახელობის ხეივანი დარჩა, რაც სპეციალური აბრით არის გამოკვეთილი",-განაცხადა ზაზა რამინაშვილმა.

ბაღში ვარაუდობენ, რომ თავის დროზე სახელის შეცვლა სუბიექტური გადაწყვეტილება იყო. "მეორე ადგილზე ვართ სიძველით, ბაღს წლებია ეს სახელწოდება აქვს. ერთი წლით მოხდა "მედეას ბაღის" დარქმევა, რაც იყო სუბიექტური დამოკიდებულება ალბათ, სავარაუდოდ", - აღნიშნა ბოტანიკური ბაღის პრესსამსახურმა ნათია ნაცვალაძემ.

მერიის პრესსამსახურში ადასტურებენ, რომ რეორგანიზაციის ფარგლებში ბაღს ძველი სტატუსი დაუბრუნდა. მათივე ინფორმაციით, როგორც საქართველოში მოქმედ სხვა ბოტანიკურ ბაღებს, ქუთაისის ბოტანიკურ ბაღსაც ოფიციალურად, სტანდარტის შესაბამისად "ქუთაისის ბოტანიკური ბაღი" ეწოდა. 

აღსანიშნავია, რომ აბრაზე წარწერა "მედეა" ამ დრომდე რჩება. 

ქუთაისის ბოტანიკურ ბაღს სახელწოდება გასულ წელს შეეცვალა და "მედეა" დაერქვა. საკითხი ქუთაისის საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვისა და საქალაქო მეურნეობის კომისიამ გამოიტანა და საკრებულომ დაამტკიცა. ბაღისათვის სახელის შეცვლის ინიციატორი, როგორც თავად აცხადებდა, ბაღის მაშინდელი დირექტორი თემურ ჩეჩელაშვილი იყო. ის ბოტანიკური ბაღის არგონავტიკის თემატიკით დატვირთვას გეგმავდა.  მისივე ინფორმაციით, ბაღის სახელწოდება საჯარო რეესტრშიც დარეგისტრირდა. 

შეგახსენებთ, ბოტანიკურ ბაღს ააიპის სტატუსი 2018 წლის 18 იანვარს ჩამოერთვა და ის კულტურის ააიპს შეუერთდა.  საკითხს ხმაურიანი განხილვა მოყვა საკრებულოს სხდომაზეც, ოპოზიცია ბაღისთვის ააიპის სტატუსი შეცვლას აპროტესტებდა.  ამავდროულად თანამდებობა ბაღის დირექტორმა თემურ ჩეჩელაშვილმა დატოვა. 

საკითხს გამოეხმაურა თბილისის ბოტანიკური ბაღის დირექტორიც. თამაზ დარჩიძის წერილი სოციალურ ქსელში  გაავრცელდა, სადაც თავისი პოზიცია დააფიქსირა და ქუთაისის მერიას მიღებული გადაწყვეტყილების შეცვლისაკენ მოუწოდა.  

შეფერხდა თუ არა ბაღის მუშაობა ააიპის სტატუსის გარეშე და რა პროექტები მიმდინარეობს ბაღში, ამის შესახებ მასალას შემოგთვაზებთ.

 

 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი