უნიკალური ექსპონატები ქუთაისის ცენტრალურ არქივში [PHOTO]
იმერეთის მეფეების ხელნაწერები, მათ მიერ გაცემული სიგელ-გუჯრები, ქართველი მოღვაწეების ავტოგრაფები, თეთრი ხიდის, მონ პლეზირის პროექტები და სხვა უნიკალური დოკუმენტების ნახვა შესაძლებელია ქუთაისის ცენტრალურ არქივის საგამოფენო სივრცეში.
ახალ შენობის საზეიმოდ გახსნა ხვალ მოხდება, რასაც იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი დაესწრება. დღეს კი შენობაში ჟურნალისტებისათვის მედიატური მოეწყო. ჟურნალისტებს ახალ შენობაში მეგზურობა ეროვნული არქივის გენერალური დირექტორმა თეონა იაშვილმა გაუწია.
თეონა იაშვილის თქმით, ქუთაისის ცენტრალური არქივი გამორჩეულია საკუთარი ფონდებითა და კოლექციებით − აქ დაცულია დოკუმენტები მეთვრამეტე საუკუნიდან დღემდე. მათ შორის, ქუთაისის ქალაქის მმართველობის (1875-1919 წლები), ქუთაისის გუბერნიის სამმართველოს (1846 - 1918 წლები), ქუთაისის სათავადაზნაურო დეპუტატთა საკრებულოს (1837-1917 წლები), იმერეთის ეპარქიული კანცელარიის (1819-1921 წლები) და სხვა ფონდები.
არქივის უნიკალურ დოკუმენტებს შორისაა იმერეთის მეფეების − სოლომონ პირველისა და სოლომონ მეორეს სიგელები და წყალობის წიგნები, მოსახლეობის აღწერის მასალებ, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, კონსტანტინე გამსახურდიას, გრიგოლ რობაქიძის, გალაკტიონ ტაბიძისა და სხვათა ავტოგრაფები, ქუთაისის კლასიკური და ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზიების დაარსების ამსახველ დოკუმენტები.
თეონა იაშვილის თქმით, აღსანიშნავია, რომ საქართველოს პირველი იუსტიციის მინისტრი რაჟდენ არსენიძე ქუთაისიდან იყო. "ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ გამოფენაზე გამოვიტანეთ მისი ნიშნების ფურცელი",- აღნიშნა მან.
თეონა იაშვილის თქმით, ამ დოკუმენტების ნაწილი ციფრულ ფორმატშია გადატანილი.

შენობაში მუდმივად იმუშავებს საგამოფენო სივრცე

თეთრი ხიდის პროექტის მაკეტი

მონ პლეზირის მაკეტი

გრიგოლ რობაქიძის ნიშნების ფურცელი სასულიერო სემინარიაში.
ქუთაისის ცენტრალური არქივის თანამედროვე სტანდარტების საცავებში თავს მოიყრის ქუთაისის, წყალტუბოს, სამტრედიის, ონის, ამბროლაურის, ცაგერის, ლენტეხის, ხონის, ვანის, ბაღდათის, საჩხერის, ჭიათურისა და ტყიბულის 4334 საარქივო ფონდის 905 432 საქმე.
შენობა 4 ათას კვ. მეტრს მოიცავს. შენობის არქივსაცავები მოწყობილია საერთაშორისო ნორმების გათვალისწინებით თანამედროვე ვენტილაცია-კონდიცირებისა და ხანძარსაწინააღმდეგო სისტემებით.
ქუთაისის ცენტრალური არქივი 1921 წელს ჩამოყალიბდა. მას შემდეგ მან მრავალი შენობა გამოიცვალა. ქუთაისის არქივს მერაბ კეზევაძე ხელმძღვანელობს.
(მთავარ ფოტოზე სოლომონ მეფის ხელნაწერი)
ავტორი: ირინა მაკარიძე





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















