ქუთაისის კლინიკიდან ორი უკრაინელი ბავშვი დღეს გაეწერება
ქუთაისის ტუბერკულოზისა და ინფექციურ პათოლოგიათა ცენტრში „ლჯ და კომპანია“ მოთავსებული ორი უკრაინელი ბავშვი კლინიკას დღეს დატოვებს. ექიმების ინფორმაციით, ბავშვების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათ მკურნალობა აღარ ესაჭიროებათ.
"ათიდან 2 ბავშვი რჩებოდა ჩვენს კლინიკაში. დღეს მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, პრაქტკიკულად ჯანმრთელები არიან, შეიძლება გაეწერონ სტაციონარიდან. ჩვენ ვთანამშრომლობთ სოციალურ მუშაკებთან და მათი თხოვნით, ორგანიზაციული საკითხების გამო ბავშვები დილამდე დარჩებიან ჩვენთან", -განაცხადა ექიმმა თემურ ნადირაძემ.
არსებული ინფორმაციით, ბავშვებს სოციალური სამსახურის მუშაკი თავშესაფარში გადაიყვანს.
კლინიკაში 10 უკრაინელი ბავშვი რამდენიმე დღის განმავლობაში მკურნალობდა, რვამ კლინიკა 25 აპრილს დატოვა, 6 თვის და 2 წლის ბავშვები კი ამ დრომდე კლინიკაში რჩებოდნენ. ბავშვები ზუგდიდიდან კლინიკაში 20 აპრილს შეიყვანეს. მათ ნაწლავური ინფექცია აღენიშნებოდათ.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის მოქალაქე, 10 ბავშვის თანხმლები იულია სუსლიაკი 25 აპრილს, ქუთაისის ერთ-ერთ საავადმყოფოში დააკავეს. სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. იულია სუსლიაკი აცხადებს, ბავშვები მისი შვილები არიან.
გამოძიება ორი ან მეტი არასრულწლოვნით ვაჭრობის (ტრეფიკინგი) ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 143-ე 2-პრიმა მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 14-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















