ქუთაისის მეორე საჯარო სკოლის პირველკლასელების ოთახში ჭერი ჩამოინგრა
ქუთაისის მეორე საჯარო სკოლის საკლასო ოთახში ჭერი ჩამოინგრა. შემთხვევა სასწავლო პროცესის დროს მოხდა, კლასში პირველკლასელები იმყოფებოდნენ.
სკოლის დირექტორის მურად ჯიშკარიანის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ბავშვები არ დაშავებულან.
"გაკვეთილის მიმდინარობის დროს ჩამოინგრა ჭერი, შემთხვევა პირველ სართულზე მოხდა, ბავშვები არ დაშავებულან. ამ ეტაპზე გამომწვევი მიზეზი უცნობია, მიმდინარეობს ფაქტის შესწავლა. ინფორმირებულია განათლების სამინისტრო და განათლების რესურსცენტრი", -განაცხადა მურად ჯიშკარიანმა.
ქუთაისის მეორე საჯარო სკოლაში ჭერის ჩამონგრევის მეოთხე შემთხვევაა. სკოლას რეაბილიტაცია 2016 წელს ჩაუტარდა. სკოლის მასწავლებლის ნანული ჟორჟოლიანის განცხადებით, სკოლაში პრობლემები რეაბილიტაციის შემდეგ გამწვავდა.
"რემონტის მერე უფროა ავარიული სიტუაციები. მუხის პარკეტი აყარეს და დააგეს მეტლახი. ჭერი შეცვალეს და ყველაზე იაფფასიანი მასალა გამოიყენეს. ქარს აბრალებენ ჭერის ჩამოვარდნას. სული ეხუთებათ ბავშებს გაკვეთილზე, გარეთაც არ უშვებენ, ფანჯრებსაც ვერ აღებენ. ბავშვებს ეშინიათ, დაზაფრულები არიან", -განაცხადა ნანული ჟორჟოლიანმა.
სასწავლო პროცესის მიმდინარეობის გამო დაზიანებულ ოთახში ჟურნალისტები არ შეუშვეს.
ფოტო:არქივი
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















