ქუთაისის მერია 165 000 ლარს დაკარგავს?
ქუთაისის მერიასა და მის მიერ დაქირავებულ შპს „გეგის“ შორის არსებულმა სასამართლო დავამ მეორე ინსტანციაში გადაინაცვლა. საქალაქო სასამართლომ შპს–ს მფლობელს, იური თავაძეს მერიის სასარგებლოდ მხოლოდ 51 000 ლარი დააკისრა.
საქმე ეხება 2014 წელს მერიის მიერ ხიდების რეაბილიტაციისათვის გამოცხადებულ 187 000 ლარიან ტენდერს. საკმაოდ ცნობილმა შპს „გეგიმ“ გაიმარჯვა, მას ქუთაისში ორი ხიდის რეაბილიტაცია უნდა მოეხდინა. თუმცა გარკვეული სამუშაოების შემდეგ კომპანიამ მუშაობა შეაჩერა. რასაც მერიის მხრიდან ჯარიმების დაკისრება მოყვა.
მერიის კეთილმოწყობის სამსახური „გეგის“ სამ პუნქტში ედავებოდა, ესაა: სამუშაოს შეუსრულებლობა, ვადაგადაცილება და თვითნებურად შეწყვეტა. დაკისრებულმა ჯარიმამ 165 000 ლარი შეადგინა. დავამ სასამართლოში გადაინაცვლა.
მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფოროსის განცხადებით, საქალაქო სასამართლომ კომპანია ერთ პუნქტში ცნო დამნაშავედ და მხოლოდ 51 000 ლარი დააკისრა.
„შეიძლებოდა მოსამართლეს თვითნებურად შეწყვეტის ბრალდებაში გაემართლებინა კომპანია. სხვა შემთხვევაში დამნაშავე იყო, არ შეასრულა ვალდებულება და არ გადაიხადა ყოველდღიური ჯარიმა. 51 000 ლარი ჩვენ რომ აგვეღო, გამოვიდოდა, რომ უდანაშაულოდ ვედავებოდით კომპანიას. ეს პრესტიჟის საკითხია, ამიტომ მივმართეთ სააპელაციოს, სხვა დეტალები ამდროისთვის უცნობია“, –განაცხადა მალხაზ ბასილაძემ.
არ არის გამორიცხული, აღნიშნული თანხის ამოღება საერთოდ ვერ მოხდეს, რადგან კომპანიას არსებული მონაცემებით საკუთარ ანგარიშზე თანხა არ აქვს და არც ტექნიკა გააჩნია. არსებული კანონმდებლობით კი, თანხის ამოღების სხვა მექანიზმები არ არსებობს.
ამავდროულად, კომპანიის მფლობელს შესაძლებლობა აქვს ახალი კომპანია დააფუძნოს. თუმცა, როგორც ბასილაძე აღნიშნავს, „გეგი“ უკვე ნდობით სარგებლობდა, ახალ კომპანიას კი თავის დამკვიდრება გაუჭირდება. .
რა გადაწყვეტილებას მიიღებს სააპელაციო უცნობია. თუმცა, არსებობს შანსი, რომ მერიამ 165 000 ლარი დაკარგოს.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:29
18:25
15:07
12:11
















