ქუთაისის მერია კაფე-ბარ "სავანესთან" დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ქუთაისის მერია კაფე-ბარ "სავანესთან" დაკავშირებით არსებულ პროცესებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
"ქუთაისში, ცენტრალურ ბაღში მდებარე კაფე-ბარ "სავანე"-სთან დაკავშირებით, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიისთვის წაყენებული ბრალდება უსაფუძვლოა. კერძოდ, ჯერ კიდევ 2002 წელს შპს „ნიკოლოს“ დირექტორმა, აბესალომ ტურაბელიძემ სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა ცენტრალურ ბაღში მდებარე 160 კვ. მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საკუთრებაში აღრიცხვა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2002 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილებით, შპს „ნიკოლოს“ სარჩელი დაკმაყოფილდა, ქუთაისის მიწის მართვის სამმართველოს დაევალა, მოეხდინა კერძო საკუთრების უფლების მინიჭება არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, ფართით 160 კვ. მეტრი მდებარე ქალაქი ქუთაისი, ცენტრალური ბაღი, რუსთაველის გამზირი N2ა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2002 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილება, სააპელაციო წესით გასაჩივრდა ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ ქუთაისის საოლქო სასამართლოში.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2003 წლის 18 აგვისტოს გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა ადგილობრივი თვითმმართველობის საჩივარი, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2002 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილება და შპს „ნიკოლო“-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2003 წლის 18 აგვისტოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს უზენაეს სასამართლოში შპს „ნიკოლო“-ს დირექტორმა აბესალომ ტურაბელიძემ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2004 წლის განჩინებით შპს „ნიკოლო“-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2003 წლის 18 აგვისტოს გადაწყვეტილება.
2018 წლის სექტემბრის თვეში შპს „ნიკოლო“-ს დირექტორებმა გიორგი და ნიკოლოზ ტურაბელიძეებმა კვლავ მიმართეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვეს ქუთაისში, ცენტრალურ ბაღში, მდებარე კაფე-ბარ "სავანე"-ს ქვეშ არსებული 158,00 კვ. მეტრი არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე რეგისტრირებული ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების გაუქმება და შპს „ნიკოლო“-ს საკუთრებად აღრიცხვა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილებით შპს „ნიკოლო“-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს შპს „ნიკოლო“-ს დირექტორებმა.
ამჟამად დავა მიმდინარეობს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, თუმცა ფაქტია, რომ კანონიერ ძალაში შესული ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2003 წლის 18 აგვისტოს გადაწყვეტილებაში ხაზგასმით არის მითითებული, რომ ქუთაისში, ცენტრალურ ბაღში, მდებარე კაფე-ბარ "სავანე"-ს ქვეშ არსებული არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი წარმოადგენს სკვერის (რომელიც ქუთაისის ისტორიული ნაწილის სახელმწიფო დაცვის ზონაში იმყოფება) განუყოფელ ნაწილს და მისი განკარგვა, მესამე პირებზე საკუთრებაში გადაცემა 2002-2004 წლებში და დღეს მოქმედი კანონმდებლობით დაუშვებელია", - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















