|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერია მშენებლობებზე კონტოლს ამკაცრებს

ქუთაისს ჯერ კიდევ არ გააჩნია ქალაქგანვითარების  გეგმა. თვითმმართველობა  გეგმაზე მუშაობს,  რისთვსაც ბიუჯეტიდან 100 000 ლარი გამოყო და ირწმუნება, რომ ქუთაისს სტრატეგილი გეგმა წლის ბოლომდე ექნება. იმის გამო, რომ არ არსებობს სტრატეგიული განვითარების ოფიციალური დოკუმენტი  ქალაქის დაგეგმარებაში არაერთი პრობლემა იჩენს თავს,  სპონტანური განვითარება მის მრავალსაუკუნოვან იერსახეზე სავალალოდ აისახა, პრობლემებს „ნიუპრესი“ პერიოდულად აშუქებს. 

 მდგომარეობას ართულებს ისიც, რომ ქალაქს მთავარი არქიტექტორი არ ყავს. გამოცხადებული ვაკანსია საინტერესო არავისთვის აღმოჩნდა, რის მიზეზადაც დაბალი ანაზღაურება სახელდება. სივრცის მოწყობის დისცილინისა და აგლომერაციის არარსებობაზე საუბრობს ქუთაისელი ფოტოგრაფი  მამუკა კაკაურიძე. მას მიაჩნია,  რომ ქალაქი უგემოვნო და ულამაზო ფასადებით აივსო.

„ქალაქს განაშენიანების გეგმა არ აქვს, არც ზედამხედველი ყავს, სრული განუკითხაობაა. ვამბობთ, რომ გვიყვარს ჩვენი ქუთაისი,  ბაგრატი, თეთრი ხიდი, თუმცა საქმის კეთების დროს სიყვარული გვავიწყდება. არ ვამბობ,  რომ არაფერი კეთდება. კი ძალიან ბევრი რამ კეთდება, მაგრამ როგორ, ეს არის მთავარი.   ქალაქის ცენტრში ფასადების წინ მეტლახს რომ დააგებ, ამაზე მეტი უგემოვნობა  და სიმახინჯე რა არის? ჩემი აზრით,  ასევე დაუშვებელია ქალაქის ცენტრში მაღალსართულიანი ბინების მშენებლობა“, - აღნიშნა  ფოტოგრაფმა.

მისივე თქმით, ასე უგემოვნოდ თუ გაგრძელდება მშენებლობა, ქალაქი ტურისტებისათვის საინტერესო აღარ იქნება.  ამიტომაც მიაჩნია, რომ   თვითმმართველობამ მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს საკუთარ თავზე და  ქალაქის ცენტრში  უგემოვნო ფასადების მოწყობა, ან მშენებლობა არ დაუშვას. ფოტოგრაფი იმასაც აღნიშნავს, რომ უგემოვნო ინფრასტრუქტურა ფოტოხელოვნებაშიც  აირეკლება.  მისი თქმით, ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა, რომელიც გარკვეული დროის  შემდეგ ცუდ შედეგს გამოიღებს.

ქალაქის ცენტრში მაღალი კორპუსების მშენებლობა ქუთაისის იერსახეს რომ ამახინჯებს, ადასტურებს მერიის არქიტექტურისა და  ზედამხედველობის სამსახურის უფროსი  ბაქარ ჭეიშვილი. მისი თქმით,  აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად მუშაობა მიმდინარეობს, თუმცა ამისთვის დრო არის საჭირო.  

„ ერთი წლის წინ  ეკონომიკის სამსახურთან ერთად დავიწყეთ მუშაობა  ურბანული გეგმის  შექმნასთან დაკავშირებით.  რამდენიმე შეხვედრა ჩავატარეთ და  პროექტი მოგვიწონა უცხოურმა კომპანიამ და დაგვპირდა, რომ დააფინანსებს. ვიდრე მოხდება პროექტის დაფინანსება, მანამდე შესწავლილი უნდა იყოს ყველა დეტალი, სად რა არის ქალაქში, რაც დაკავშირებულია დროსთან.  ჯერ ხდება აღწერა, შემდეგ დაგეგმვა, სად რა  უნდა გაკეთდეს.  ჩვენი მთავარი მიზანია აქტიურად  დაიტვირთოს გარეუბნები და განთავისუფლდეს ცენტრი“,- აღნიშნა ჭეიშვილმა.

 ქალაქის ცენტრში,  პუშკინის  # 6-ში კულტურული ძეგლის უკან  რვასართულიანი კორპუსი,  ჭეიშვილის განცხადებით,  უკანონოდ  აშენდა, რის გამოც და  კომპანიას სასამართლოში უჩივლეს. მისი თქმით, ქალაქის ცენტრანულ ნაწილში, იქ, სადაც დაბალსართულიანი ბინებია განთავსებული, კომპანიებს არ აქვთ უფლება შეთანხმების გარეშე  ააშენონ 4-5 სართულზე მეტი.

„გეთანხმებით, რომ არ შეიძლება მაღალსართულიანი ბინების აშენება. კორპუსების  მაღალი კოეფიციენტების მშენებლობა ვიღაცისთვის მორგებული იყო.  ჩვენ ვმუშაობთ ამ კოეფიცინტის დაწევაზე.   ამ დროისთვის კოეფიციენტი სამ ნახევარია. რაც ნიშნავს იმას, რომ ქალაქის ცენტრში  4-5 სართულზე მეტის აშენება არ შეიძლება, თუმცა, ესეც ბევრია. ესეც უნდა შეთანხმდეს, ეკონომიკის და კულტურული მემკვიდრეობის სამსახურთან, რადგან  შენობა არ გადაეფაროს კულტურულ ძეგლებს. რაც შეეხება პუშკინის #6-ის უკან არსებულ მრავალსართულიან   კორპუსს,  კანონდაეღვევით აშენდა და ჩვენ მივმართეთ სამართადამცავ ორგანოებს“,- განმარტა ჭეიშვილმა.

 უკანონო მშენებლობას   უარყოფს კომპანია "გრინჰაუსის" ხელმძღვანელი, რომელმაც ინფორმაცია  აღნიშნულთან დაკავშირებით პირველად ჩვენგან გაიგო.  "ბინა კანონის დაცვით ავაშენე და თქვენგან პირველად მესმის, რომ მერია მიჩივის", -განაცხადა კომპანიის ხელმძღვანელმა.

 

  წინ წლებში გასხვისებული ტერიტორიების გამო ქალაქი პრობლემის წინაშე აღმოჩნდა. მოსახლეობა სხვადასხვა უბნებში აქციებს მართავს და მშენებლობების შეჩერებას ითხოვს. საკითხი არაერთხელ დაისვა საკრებულოს სხდომაზე. დეპუტატების განცხადებით, წინა ხელისუფლების მიერ უკანონოდ გასხვისებული სკვერები მათი თავსატეხი გახდა და მათ უხდებათ მოსახლეობასთან თავის მართლება.  მოითხოვეს შეიქმნას საბჭო და მკაცრად გაკონტროლდეს, რომ არ მოხდეს სკვერის, ან ისეთი ტერიტორიის გასხვისება, რაც ქუთაისის იმიჯს დააზიანებს.

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა