|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ქუთაისის მერია სარეზერვო ფონდს არამიზნობრივად ხარჯავს"

პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაცია მერიას მორიგ ბრალდებას უყენებს. პარტიის თავმჯდომარის, გოგი წულაიას განცხადებით, მერიამ 2015 წელს სარეზერვო ფონდი არამიზნობრივად დახარჯა და განსაკუთრებული შემთხვევებისათვის განკუთვნილი თანხა მატერიალურ დახმარებებს მოახმარა.

"მერიიდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციით ირკვევა, რომ სარეზერვო ფონდის 95% დაიხარჯა მატერიალურ დახმარებებზე და კულტურულ ღონისძიებებზე. ჩვენ არ ვართ წინააღმდეგები, რომ მერია მოქალაქეებს დაეხმაროს, მაგრამ რას სთავაზობს მერია იმ ადამიანებს, რომელთაც რეალურად სჭირდებათ დახმარება და რომლებიც სტიქიის, ან უბედური შემთხვევის გამო ქუჩაში დარჩნენ. სარეზერვო ფონდი არის განსაკუთრებული შემთხვევებისთვის და რატომ იხარჯება ის არამიზნობრივად? ამასთან ერთად, მერიამ დამალა და არ გაასაჯაროვა ინფორმაცია, ვის დაეხმარა ბიუჯეტის ფულით, როდესაც ამის უფლება არ აქვს"–აცხადებს წულაია.

მისივე თქმით, ქუთაისში ყოფილ სამხატვრო სკოლაში მცხოვრებ სოციალურად დაუცველებს გაუსაძლისი პირობები აქვთ, ჩამოინგრა ჭერი და შენობაში წყალი ჩადის. წულაია მოითხოვს, მერმა სარეზერვო ფონდი სწორედ ამგვარ პირობებში მცხოვრებ ადამიანებს მოახმაროს და ის არგუმენტი, რომ შენობა მერიის ბალანსზე არ არის, ვერ იქნება გამამართლებელი.

"თუ ეს შენობა არ არის მერიის ბალანსზე, კეთილი ინებონ და გამოითხოვონ, რომ მიხედონ მათ ტერიტორიაზე არსებულ შენობებს და ეს ფართები მოხმარდეს სოციალურად დაუცველებს, რომ ქუჩაში არ იცხოვრონ"–აცხადებს წულაია.

ოპონენტს კომპეტენციას ამჯერადაც უწუნებს მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ზვიად ჯავახია. მისი განცხადებით, წულაიამ არ იცის, რომ მერიის ბალანსზე არარსებულ შენობას თვითმმართველობა ვერ გააკონტროლებს და რომ, ეს ადამიანები ამ შენობებში უკანონოდ არიან შეჭრილები.

რაც შეეხება სარეზერვო ფონდს, ჯავახიას განცხადებით, წულაიამ უნდა იცოდეს, რომ ნებისმიერი დახმარება, რომელსაც  მერია სარეზერვო ფონდიდან გასცემს და მოსახლეობის კეთილდღეობას ხმარდება, სწორედ, რომ სოციალური დახმარებაა და თავისთავში რამდენიმე კომპონენტს აერთიანებს.

"წულაიას მიერ საქმის არცოდნა მეტყველებს მის არაკომპეტენტურობაზე. ამიტომ, მასზე რეაგირება არც ღირს, თუმცა ჩვენ მოსახლეობას განვუმარტავთ, რაში იხარჯება სარეზერვო ფონდი. ნებისმიერ მოქალაქეებზე გაცემული დახმარევა, ასევე ფორსმაჟორული სიტუაციებიდან გამომდინარე, იქნება ის სახლის დანგრევა, დაწვა, დაკრძალვა, სამედიცინო, თუ სხვა სახის დახმარება, მას ქვია სოციალური დახმარება და ბატონო გოგი, რა გინდათ, არ გავცეთ ასეთი დახმარებები და არ დავეხმაროთ მოქალაქეებს?"–აცხადებს ჯავახია.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა