ქუთაისის მერია საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის დაფინანსებაზე უარს აცხადებს?
ქუთაისის ა. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე თანამდროვე სტანდარტების ბიბლიოთეკის მშენებლობა მომავალი წლიდან დაიწყება. ბიბლიოთეკას თანადაფინასებით ცენტრალური ხელისუფლება, ადგილობრივი თვითმმართველობა და უნივერსიტეტი აშენებს, რისთვისაც 4 მილიონი დაიხარჯება. მშენებლობისათვის 400 000 ლარს გამოყოფს ქუთაისის მერია, თუმცა 2016 წლის ბიუჯეტში შესული ცვლილებით აღნიშნული თანხას 200 000 ლარი მოაკლდა. ბიბლიოთეკის დაფინასების შემცირება საკრებულოს დეპუტატის უკმაყოფილების მიზეზი გახდა. ნატო ქათამაძემ მერიას პრიორიტეტების შერჩევიც გამო უსაყვედურა და აღნიშნა, რომ ბიბლიოთეკის მშენებლობა მნიშვნელოვანია, რისთვისაც მერიამ თანხები არ უნდა შეამციროს.
დეპუტატის შეშფოთებას უსაფუძვლოს უწოდებს ქუთაისის მერი. შოთა მურღულიას განცხადებით, ვინაიდან უნივერსიტეტის მშენებლობა არ დაწყებულა, შესაბამისად, მისთვის განკუთვნილი თანხის გახარჯვა ვერ მოხდება.
„ჩვენ არ ვამცირებთ ბიბლიოთეკის დაფინასებას. არა მგონია, ვინმე იყოს ქალაქში, ვინც ამ პროექტს მხარს არ დაუჭერს, მაგრამ, რადგან ბიბლიოთეკა თანადაფინასებით შენდება და მშენებლობაც ჯერ არ დაწყებულა, ამიტომ თანხის გახარჯვა ვერ მოხდება. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, ეს თანხა სხვა პროექტებს მოვახმაროთ“,-განაცხადა მურღულიამ.
ქუთაისის მერის განცხადებით, ბიბლიოთეკის დაფინანსება 2017 წლის ბიუჯეტში აისახება და განსაზღვრული თანხს სრულად გადაირიცხება ბიბლიოთეკის მშენებლობაზე.
საკრებულომ ბიუჯეტში შესული ცვლილებები გუშინ დაამტკიცა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















