ქუთაისის მერიამ მაჟორიტარებს ფართები უსასყიდლოდ დაუთმო
ქუთაისის თვითმმართველობამ დეპუტატის ბიუროებს ფართი გამოუყო. ფართის უსასყიდლოდ დათმობის შესახებ გადაწყვეტილება ქალაქის საკრებულომ მიიღო.
ბიუროსათვის საჭირო ფართის გამოყოფის მოთხოვნით ქუთაისის თვითმმართველობას დეპუტატებმა დიმიტრი მხეიძემ და გენადი მარგველაშვილმა მიმართეს. ანალოგიური მოთხოვნით კობა ნარჩემაშვილს თვითმმართველობისათვის არ მიუმართავს.
ქუთაისის მერის მრჩეველის ზურაბ ხურციძის განცხადებით, თვითმმართველობამ დიმიტრი მხეიძის ოფისისათვის ფართი ადმინისტრაციულ შენობაში გამოყო, ხოლო გენადი მარგველაშვილის ბიუროსათვის ოთახი მერიის გვერდით მდებარე საგადასახადო სამსახურის ყოფილ შენობაში შეირჩა, სადაც მერიის ააიპები და და სხვადასხვა სამსახურებია განთავსებული.
უკვე შერჩეულია დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელებიც. მარგველაშვილის დეპუტატის ბიუროს უფროსად მისი საარჩევნო შტაბის ყოფილი უფროსი ზაზა ჯანგველაძე დაინიშნა. დიმიტრი მხეიძემ არჩევანი მერიის საბინაო სამსახურის ყოფილი თანამშრომელზე ვარლამ გობეჯიშვილზე შეაჩერა. კობა ნარჩემაშვილმა კი ბიუროს უფროსად ქუთაისის საკრებულოს ყოფილი დეპუტატი ალეკო ახალაძე დანიშნა.
რაც შეეხება ბიუროს თანამშრომლების შერჩევას, გენადი მარგველაშვილის თქმით, მან თანამშრომლები უკვე მაშინ შეარჩია, როცა საარჩევნო შტაბი დააკომპლექტა. ხოლო თუ რა მიმართულებით გადანაწილდება ფართის უსასყიდლოდ მიღების შედეგად გამოთავისუფლებული თანხა, დეპუტატის აცხადებს, რომ ეს არც თუ დიდი შეღათავათია, რადგან დეპუტატების ბიუროებისათვის განკუთვნილი ხარჯები ისედაც მნიშვნელოვნადაა შემცირებული. მარგველაშვილის თქმით, თანხას მოქალაქეების დასახმარებლად გამოიყენებენ.
"ნიუპრესი" შეეცადა დიმიტრი მხეიძესთან დაკავშირებას, თუმცა უშედეგოდ.
ავტორი: ირინა მაკარიძე





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















