ქუთაისის მერიას სასამართლომ კონკურსის გამოცხადება აუკრძალა
ქუთაისის მერიას საქალაქო სასამართლომ კონკურსის გამოცხადება აუკრძალა. საქმე ეხება მერიის კულტურის, სპორტის, განათლების და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის სასამართლო დავას.
მაია მურუსიძის განცხადებით, მის გათავისუფლებასთან დაკავშირებული სასამართლო დავა მერიამ ორ ინსტანციაში წააგო. გადაწყვეტილების მიუხედავად, თვითმმართველობამ სამსახურში არ აღადგინა, რაც მორიგი დავის მიზეზი გახდა.
"საქალაქო და სააპელაციო სასამართლომ მერიას ჩემი თანამდებობაზე დაბრუნება დაავალა. მერიამ არ აღასრულა გადაწყვეტილება, არადა, აღნიშნული პოსტი ვაკანტურია. იმისათვის, რომ ჩემს ადგილზე სხვა თანამშორმელი არ აეყვანათ, 18 აპრილს მივმართე სასამართლოს, რომ მერიას კონკურსის გამოცხადება აკრძალვოდა. რადგან გამოვითხოვე საბუთები, ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომი გახდა მერიისთვის და მეორე დღესვე გამოაცხადეს კონკურსი. 25 აპრილს მოსამართლე მალხაზ ჩუბინიძემ მიიღო განჩინება და მერიას დაევალა კულტურის, სპორტის, განათლების და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების უფროსის პოსტზე დავის დასრულებამდე კონკურსი არ გამოაცხადოს. ალბათ, მოუწევთ ამ კონკურსის გაუქმება", -განაცხადა მაია მურუსიძემ.
მისი თქმით, ჯერ არ იცის, მერია სააპელაციოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს თუ არა.
მერიაში განმარტავენ, რომ მათ ჯერ განჩინება არ ჩაბარებიათ და მისი მიღების შემდეგ გადაწყვეტენ გაასაჩივრებენ თუ არა სააპელაციოში.
მერიის იურიდიული განყოფილების უფროსის თქმით, კონკურსზე გამარჯვებული ერთ დღეში ვერ გამოვლინდება და თუ სააპელაციო საქალაქოს განჩინებას ძალაში დატოვებს, კონკურსი გაუქმდება.
საქმე ეხება 2018 წელს რეორგანიზაციის სახელით თანამშრომლების გათავისუფლების ფაქტს. მაია მურუსიძემ ორ ინსტანციაში გაიმარჯვა, მერიას მისი სამსახურში დაბრუნება და განაცდურის აღდგენა დაევალა. მერიას მურუსიძე თანამდებობაზე ამ დრომდე არ დაუბრუნებია.
ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















