ქუთაისის მერიას შერჩევით სამართალში ადანაშაულებენ
ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ 1000 ლარიან სანქციას "ნაციონალურ მოძრაობაში" აპროტესტებენ. მომხდარს საპარლამენტო უმცირესობის წევრი გია თევდორაძეც გამოეხმაურა და ხელისუფლება შერჩევით სამართალში დაადანაშაულა. დღეს კი პარტიის ქუთაისის ორგანიზაციის ოფისში პოლიტსაბჭოს წევრმა, შორენა საღინაძემ ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ მერიამ სანქცია გაფრთხილების გარეშე დაუწესა.
"მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებმა გაფრთხილებაც არ მოგვცა, ისე დაგვაჯარიმა, არადა, ეს კერძოს საკუთრებაა, და თუ მაინც არ შეიძლებოდა ნებართვის გარეშე ბანერების გამოფენა, უნდა გავეფრთხილებინეთ. აღსანიშნავია, ის ფაქტიც, რომ სწორედ ამ შენობის დარბევის და წითლად შეღებვის გამო "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის თავმჯდომარე 50 ლარით დააჯარიმეს, ჩვენ კი 1000 ლარიანი ჯარიმა დაგვაკისრეს",–განაცხადა შორენა საღინაძემ.
მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსის განცხადებით, მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ თავიდან სიტყვიერი გაფრთხილება მოხდა, რისი გაუთვალისწინებლობის შემდეგ დააკისრეს სანქცია, რასაც სამართალ დარღვევათა ადმინიტრაციული კოდექსი ითვალისწინებს.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრები დღეს აპირებენ მერიას განცხადებით მიმართონ და ბანერების გაკვრის ოფიციალური ნებართვა მიიღონ.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი





11:02
16:29
16:27
13:32
13:09
















