|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერიასა და "ნაციონალურ მოძრაობას" შორის არსებული დავის ხელახალი განხილვა იწყება

ქუთაისის მერიასა და "ნაციონალურ მოძრაობას" შორის ბანერების გამო დაწყებული დავა გრძელდება. მას შემდგე, რაც მერიამ ორგანიზაციას ბანერების ჩამოხსნის მოთხოვნით სასამართლოში უჩივლა, საქალაქო სასამართლომ საქმის შესწავლის შემდეგ წარმოება შეწყვიტა. როგორც მაშინ მერიაში განმარტავდნენ, მოსამართლე '"თავისუფალი ზონის" წევრების ცრუ განცხადებას დაეყრდნო და არასწორი გადაწყვეტილება გამოიტანა. ამის შემდეგ მერიამ  სასამართლოს  ზემდგომ ინსტანციას მიმართა.

მერიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ გააუქმა საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 15 თებერვლის დადგენილება და  მას საქმის ხელახალი გაცნობა დაავალა.                            

მერიაში განმარტავენ, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლო დაეყრდნო კლუბ ,,თავისუფალი ზონის“ წევრების, მირიან დეისაძის, ზურაბ ზურაბიანისა და ავთანდილ სინაურიძის სიტყვიერ ახსნა - განმარტებებს ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის გარეშე მათთვის უძრავი ქონების დათმობის თაობაზე.

"მაშინ როცა თვით მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ იმავე ფართს ფლობს ქირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ არ მოხდა შეფასება და გამოკვლევა იმისა, ხომ არ იყო კლუბ ,,თავისუფალი ზონის“ წარმომადგენელთა მიზანი პასუხისმგებლობა აეცილებინათ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ,,ერთიანი ნაციონალური მოზრაობისთვის“. 2016 წლის 15 თებერვლის დადგენილების გამოტანისას ქუთაისის საქალაქო სასამართლომ არ შეაფასა და არ გამოიკვლია ასევე საქმეში არსებული CD დისკი, რომელზედაც ჩაწერილია მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის შორენა საღინაძის ინტერვიუ, რომელიც უტყუარად ადასტურებს, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექისის 150-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის მოქალაქეთა პოლიტიკური მოძრაობა ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ჩადენილ ფაქტს",–წერია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ დავა ისტორულ უბანში კულტურულ ძეგლზე გადმოფენილ ბანერებს მოყვა.

 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი