ქუთაისის მერიაში „არქიტექტორთა საბჭო“ შეიქმნება
ქუთაისის მერიაში ახალი სათათბირო ორგანო „არქიტექტორთა საბჭო“ შეიქმნება, ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, საბჭო არქიტექტორებით დაკომპლექტდება და ქალაქის მერიას კონსულტაციებს გაუწევს. საბჭოს მერიის წარმომადგენელი უხელმძღვანელებს.
ქუთაისის მერიაში ქალაქის არქიტექტორებსა და დეველოპერული კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრა უკვე გაიმართა. მერიის ინფორმაციით, ახლადშექმნილი ა(ა)იპ „ქუთაისის არქიტექტურის, ურბანული დაგეგმარებისა და ძეგლთა დაცვის სააგენტოს“ ხელმძღვანელმა რუსუდან ჩინჩალაძემ არქიტექტორებსა და დეველოპერებს ახალი სერვისები გააცნო, მათ კი თავიანთი მოსაზრებები გააჟღერეს.
როგორც არქიტექტორმა გია ხუჯაძემ "ნიუპრესთან" საუბარში განაცხადა, შეხვედრაზე საუბარი სამშენებლო კოეფიციენტის გაზრდის თემას შეეხო. "შეხვედრაზე საუბარი შეეხო კოეფიციენტის გაზრდის თემას, ჩემი აზრით, კოეფიციენტის გაზრდა ხელოვნურად არ შეიძლება, ეს უნდა მოხდეს პროფესიონალური შესწავლის და ზონირების შეცვლის შემდეგ, ეს საჭიროებს გენგეგმაზე მუშაობას", - განაცხადა გია ხუჯაძემ.
ქუთაისის მერიაში კოეფიციენტის გაზრდის შესაძლებლობასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ, აცხადებენ, რომ საკითხი ჯერ საკრებულომ უნდა განიხილოს. რაც შეეხება არქიტექტორთა საბჭოს დებულებას და შემადგენლობას, ეს საკითხიც საკრებულომ უნდა დაამტკიცოს.
ცნობისთვის, სამშენებლო კოეფინტის გაზრდა დეველოპერებს უფრო მაღალი კორპუსების აშენების შესაძლებლობას მისცემთ.
ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















