"ქუთაისის მერიის ამბიციები და შესაძლებლობები ერთმანეთს არ ემთხვევა"
"ქუთაისის მერიას აქვს ამბიცია, მნიშვნელოვან პროექტებს შეეჭიდონ, მაგრამ სურვილი და შესაძლებლობები არ ემთხვევა ერთმანეთს"- აცხადებს ქუთაისის საკრებულოს წევრი "ევროპული საქართველოდან" მერაბ მეშველიანი და დაგეგმილ და ჩაშლილ პროექტებზე საუბრობს.
მეშველიანის განცხადებით, ბოლო დღეებში ორ მნიშვნელოვან პროექტთან დაკავშირებით გამოცხადებული ტენდერი ჩავარდა, რაც დაგეგმის პრობლემებს ცხადყოფს. "რამოდენიმე დღის წინ ცენტრალური ბაღის (ბულვარის) და აღმაშენებლის მოედანზე მდებარე შადრევნის რეაბილიტაციის სამუშაოებისთვის საჭირო საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაზე გამოცხადებული სახელმწიფო შესყიდვა არ შედგა. ასევე არ შედგა ადმინისტრაციული შენობების მშენებლობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაზე გამოცხადებული შესყიდვა. ეს ადასტურებს რომ პრობლემები არის დაგეგმვლაში. ასეთი მიდგომებით კი საქმე არ კეთდება", - აცხადებს მეშველიანი.
30 ათასი ლარის ღირებულების NAT180011022 ტენდერი, რომელიც ცენტრალური ბაღის (ბულვარის) და აღმაშენებლის მოედანზე მდებარე შადრევნის რეაბილიტაციის სამუშაოებისთვის საჭირო პროექტის სახელმწიფო შესყიდვას ითვალისწინებდა, არ შედგა. ტენდერის პირობებით, პროექტი იმგვარად უნდა შედგეს, რომ ბაღის (ბულვარის) და ბულვარში მდებარე შადრევნების სარეაბილიტაციო სამუშოების სახარჯთაღრიცხვო თანხა არ უნდა აღემატებოდეს 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარს. ხოლო აღმაშენებლის მოედანზე მდებარე შადრევნის სარეაბილიტაციო სამუშოების სახარჯთაღრიცხვო თანხა არ უნდა აღემატებოდეს 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარს.
გუშინ ასევე უშედეგოდ დასრულდა წინადადებების მიღება 10 ათასი ლარის ღირებულების NAT180011272 ტენდერზე, რომელიც ქუთაისში, ჯავახიშვილის და თაბუკაშვილის ქუჩებზე და სულხან-საბას გამზირზე, ადმინისტრაციული შენობების მშენებლობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის სახელმწიფო შესყიდვას ითვალისწინებდა.
მეშველიანის განცხადებით, აღნიშნული პროექტები მნიშვნელოვანია, თუმცა საზოგადოების ჩართულობის შედეგად, საქმე მხოლოდ მოიგებდა.
"ბულვარი მნიშვნელოვანი თემაა, ტურისტები აქ მოძრაობენ და რაც უფრო მოწესრიგებული იქნება, რა თქმა უნდა, ეს ქალაქისათვის მნიშვნელოვანია, მაგრამ მის რეაბილიტაციას ჭირდება კარგი დაგეგმვა, კარგი განსაზღვრა. როგორი იქნება ბულვარი ეს მხოლოდ მერიის თანამშრომლის გადასაწყვეტი არაა. ეს ქალაქის საკუთრებაა, ქალაქის ისტორიაა და რაღაც მონახაზი, სასურველია, თუ საზოგადოების ჩართულობით გაკეთდებოდა. ამ ჩართულობით უფრო მეტი ინფორმაციაც მიდის საზოგადოებაში და საქმეც უკეთ კეთდება"-აცხადებს მეშველიანი.
მისი თქმით, ქუთაისის მერიის მიერ პროექტების დეკლარირება მოუმზადებლად ხდება, რის გამოც მისი განხორციელება შემდეგ კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. ამის მაგალითად ის ასსაფეხურიანი კიბის და რიონისპირა სახლების პროექტს ასახელებს, რომელზეც, დეკლარირების მიუხედავად, საქმე წინ ვერ მიიწევს. მისი თქმით, ტენდერის რამდენჯერმე ჩავარდნის შედეგად დროში გადაიწია "თეთრი ხიდის" რეაბილიტაციის დაწყების დრომ, რის შედეგადაც სამუშაოები ტურისტულ სეზონს დაემთხვა.
მერიაში ჩაშლილი ტენდერების შესახებ აცხადებდნენ, რომ ტენდერების ჩაშლა და და განმეორებით გამოცხადება პრობლემას არ წარმოადგენს. ამ თემაზე მერიას მეშველიანის განცხადებების პასუხად, განმარტება არაერთხელ აქვს გაკეთებული. როგორც მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის მოადგილე მირზა ხიდაშელი "ნიუპრესთან" საუბარში აცხადებდა, მათი მიზანი დაფინანსების არსებულ პირობებში, რაც შეიძლება, კარგი პროექტების შეძენაა. "ზოგ შემთხვევაში ჩვენი ინტერესები ვერ ემთხვევა საპროექტო ორგანიზაციების ინტერესებს", -აცხადებდა ხიდაშელი.
შეგახსენებთ, ასსაფეხურიანი კიბის რეაბილიცაციის პროექტის დეკლალირების მიუხედავად, მასზე ტენდერის გამოცხადდება არ ხდება, რადგან კიბის მიმდებარედ მცირე ზომის ტერიტორია ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა. არადა მერიას სამუშაოების დაფინანსება მიმდინარე წლის ბიუჯეტში აქვს შეტანილი. რაც შეეხება რიონისპირა სახლების რეაბილიტაციის პროექტს, ჯერჯერობით უცნობია მუნიციპალური განვითარების ფონდში მოლაპარაკებების შედეგი. მერიის განცხადებით, წინასწარი გათვლებით, პროექტის მინიმალური სავარუდო ღირებულება 15 მილიონი ლარი იქნება.
აღსანიშნავია, რომ წინა მერის მმართველობის დროს დაწყებულმა პროექტებმა ახალი მერის საქმიანობისას გაგრძელება ვერ ჰპოვა. მათ შორისაა ოლიმპიური აუზის მშენებლობის პროექტი, რომლისთვისაც ადგილიც შერჩეულია და დაფინანსებასთან დაკავშირეებით რგფ-ში მოლაპარაკებებიც მიმდინარეობდა. აუზი ქუთაისში წერეთლის ქუჩაზე ლითოფონის ქარხნის ტერიტორიაზე უნდა აშენებულიყო, რისთვისაც მიწის ნაკვეთის საერთო ფართობი 4374 კვ.მ.-ა განსაზღვრული. ასევე დავიწყებას მიეცა ქალაქში რუსთაველის ძეგლის დადგმის, მერიის გვერდით შრომის დიდების მემორიალის რესტავრაციის და სხვა დაწყებული პროექტები.
ავტორი: ირინა მაკარიძე




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















