|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერიის სოციალური სამსახურის ბიუჯეტი 1 275 000 ლარით გაიზარდა

ქუთაისის მერიის სოციალურ საკითხთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამსახურმა გასული წლის შემაჯამებელი  ანგარიში წარადგინა. პრეზენტაციას თვითმმართველობის წევრები და არასამთავრობო ორგანიზაციები ესწრებოდნენ. სამსახურის მიერ წარდგენილი ანგარიში იმ პროქტებსა და სამუშაოებს ეხებოდა, რაც გასულ წელს შესრულდა.

სოციალურ საკითხთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამსახურის უფროსის, გია ჩიჯავაძის განცხადებით, გასულ წელს 16 პროგრამა განხორციელდა, საიდანაც 5 მოსახლეობის დაავადების პრევენციის, 11 კი სოციალური პირობების გაუმჯობესების მიზნით შესრულდა. პროექტებზე ჯამში, 2 435 330 ლარი დაიხარჯა.

სამსახურის მიერ ჯამში დახმარება 39 140 მოქალაქეს გაეწია.

2016 წელს ბიუჯეტი 1 275 000 ლარით გაიზარდა და 3 990 000 ლარი შეადგინა. ბიუჯეტიდან 1 000 000 ლარი სოციალური საცხოვრისის მოსაწესრიგებლად დაიხარჯება. ასევე მოხდება ახალი სოციალური პროგრამების დამატება.

 სოციალურ საკითხთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამსახურის მუშაობა დადებითად შეაფასა ქუთაისის მერმა. შოთა მურღულიას განცხადებით, სამსახური უამრავ ადამიანს ემსახურება და მათ არაერთ სოციალურ პროგრამას სთავაზობს, რომელიც აუცილებელია ამ ადამიანებისათვის. წელს მოხდა რამდენიმე ახალი პროგრამის დამატება, "ლეიკოზით და სოლიდური სიმსივნის ფორმით დაავადებულ პირთა თანადგომის” პროგრამა ბიუჯეტში 22 000 ლარით დაფინანსდა.

ჯამში, 2 წლის განმავლობაში 15 ახალი პროგრამა შეიქმნა.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი