ქუთაისის მერმა ადმინისტრაციული სამსახურის ანგარიში არ ჩაიბარა
ქუთაისის მერიის ადმინისტარაციულმა სამსახურმა 2015 წლის მუშაობის ანგარიში წარადგინა. ანგარიშის წარდგენამ პომპეზურობისა და დაჯილდოების გარეშე ჩაიარა. ქუთაისის მერმა ადმინისტრაციული სამსახურის უფროსს პრეზენტაციის ორგანიზება დაუწუნა და აღნიშნა, რომ მას მხოლოდ მერიის თანამშრომლები არ უნდა ეცნობოდნენ.
"კარგია პრეზენტაცია რომ გააკეთეთ და ამდენი შრომა ჩადეთ, მაგრამ ამის წარდგენა მხოლოდ მერიის თანამშრომლებისთვის საკმარისი არ არის. პრეზენტაციას იმიტომ ვაკეთებთ, რომ საზოგადოებისთვის უნდა წარგედგინათ. მოგიწევთ ამ პრეზენტაციის ჩვენება ზუსტად იმ ადამიანებისთვის, რომლებიც კრიტიკულ შეკითხვას დაგვისვამენ და მასზე პასუხი უნდა გასცეთ. აქ უნდა იყვნენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და მოქალაქეები. რაც შეეხება დაჯილდოვებას, მხოლოდ ამის შემდეგ ვისაუბროთ", - განაცხადა შოთა მურღულიამ.
მერიის ადმინისტრაციული სამსახური ანგარიშს მოსახლეობას და არასამთავრობოებს უახლოეს დღეებში წარუდგენს. თუმცა, იქამდე სამსახურის უფროსმა ზვიად ჯავახიამ 2015 წელს ადმინისტრაციული სამსახურის მუშაობის პრიორიტეტებზე ისაუბრა.
პრემირების ახალ სისტემაზე გადასვლა, ელექტრონული დოკუმენტბრუნვა და შემცირებული ადმინისტრაციული ხარჯები, ესაა მთავარი მიღწევები, რითაც ადმინისტრაციული სამსახური თავს იწონებს.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:29
16:27
13:32
16:29
















