|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერმა მის მიერ გათავისუფლებული თანამშრომელი სამსახურში აღადგინა

ქუთაისის მერიის ააიპი "სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების" ყოფილი უფროსი სოსო გაბრიჭიძე თანამდებობას დაუბრუნდა. გაბრიჭიძე 2015 წლის 01 ივნისს ქუთაისის მერის, შოთა მურღულიას ბრძანებით თანამდებობიდან გაათავისუფლეს, რის შედეგადაც გაბრიჭიძემ სასამართლოს მიმართა და სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და იძულებით განაცდურის ანაზღაურება მოითხოვა.

გაბრიჭიძემ საქმე სამივე ინსტანციის სასამართლოში მოიგო. ქუთაისის სასამართლოში პროცესს  მოსამართლე ციცინო კიკვაძე უძღვებოდა. სასამართლოს გადაწყვეტილების  შემდეგ ქალაქის მერსა და სოსო გაბრიჭიძეს შორის შეთანხმება შედგა.  სოსო გაბრიჭიძე სამსახურში გარკვეული პირობებით დაბრუნდა.  მისი  პირობა ის არის, რომ მან თანამდებობა უახლოეს მომავალში, ამჯერად, საკუთარი სურვილით უნდა დატოვოს. ქალაქის მერი მის ამ მოთხოვნას დათანხმდა.

"სამივე სასამართლო პროცესი ჩემს სასარგებლოდ გადაწყდა, ვინაიდან უკანონოდ ვიყავი გათავისუფლებული. მოვითხოვე სამსახურში აღდგენა კანონიერად და განაცდურის ანაზღაურება. ქალაქის მერმა ჩემი მოთხოვნა დააკმაყოფილა. ორშაბათიდან ჩემს პოსტს  დავუბრუნდები და შემდგომ ჩემი ნებით დავტოვებ თანამდებობას",- აღნიშნა გაბრიჭიძემ "ნიუპრესთან" საუბარში.

სოსო გაბრიჭის სამსახურში ურთიერთშეთანხმების ნიადაგზე აღდგენას ადასტურებენ  მერიის პრესსამსახურში. 

შეგახსენებთ, ქალაქის მერმა გაბრიჭიძის გათავისუფლების მიზეზად არადამაკმაყოფილებელი მუშაობა დაასახელა.

 

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი