|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეს ახალი დირექტორი ჰყავს

ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეს ახალი დირექტორი ჰყავს. აღნიშნულ თანამდებობაზე მარინა მარჯანიშვილი დაინიშნა. მარჯანიშვილი პოსტზე ქუთაისის თვითმმართველობამ შეარჩია. თუმცა, როგორც სასახლის დირექტორის მოვალეობის ყოფილი შემსრულებლი ია ვერულაშვილი აცხადებდა, დირექტორად მისი კანდიდატურა წარდგენილი იყო თვითმმართველობაში, მაგრამ ხელისუფლებამ არჩევანი მარჯანიშვილზე შეაჩერა.

მარჯანიშვილი პოსტზე 19 თებერვალს წარადგინეს, თუმცა საკადრო ცვლილების შესახებ არაფერი იცოდნენ თავად სასახლის თანამშრომლებმა.

მერიის ააიპ კულტურულ დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელი ელისო ქაროსანიძე მარჯანიშვილის კანდიდატურას უალტერნატივოდ მიიჩნევდა და აცხადებდა, რომ სხვა შეთავაზება აღნიშნულ პოსტზე არც ყოფილა.

მარინა მარჯანიშვილი დანიშვნის დღესვე ააიპის ხელმძღვანელთან ერთად მერიის მიერ ბიზნესმენების დაჯილდოების  ცერემონიას ესწრებოდა.

რაც შეეხება მის ახალ მოვალეობას, მარჯანიშვილი აცხადებს, რომ მოსწავლე–ახალგაზრდობის სასახლის მიმართ დიდი გეგმები აქვს.

„მაქვს ძალიან დიდი გეგმები და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე შეესაბამებოდეს თავის ნამდვილ სტატუსს,“ - აცხადებს ახლადდანიშნული დირექტორი.

მარინა მარჯანიშვილი აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნამდე სასკოლო-ახალგაზრდულ დასს „მარჯანიშვილელები“, ხელმძღვანელობდა.  არის „IFSAID”-ის (სტუდენტური და მოსწავლე სამოყვარულო თეატრები) საერთაშორისო ფესტივალის წარმომადგენელი დასავლეთ საქართველოში.

მისი მეუღლე თორნიკე მარჯანიშვილი ქუთაისის  ბალანჩივაძეების სახელობის ოპერის თეატრის დირექტორია. 
 ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე ა(ა)იპ „ქ.ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების“ ფილიალს წარმოადგენს. სასახლეში სწავლა 32 მიმართულებაზე უფასოდ ხორციელდება.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი