"ბაღებში სასწავლო პროცესის შეჩერება ჩაშლილ ტენდერებს უკავშირდება"
ქუთაისის საბავშვო ბაღებში ვადაგასული პროდუქციის არსებობაზე საუბრობენ. ბაგა-ბაღების გაერთიანების #1 ფილიალის ყოფილი გამგის, ზაალ ხონელიძის განცხადებით, ბაღებში ამ დროისთვის თვენახევრის წინ შეტანილი პროდუქციაა, რომელიც დღეს ბაღებში მისულ ბავშვებს დაახვედრეს.
მისივე განცხადებით, ბაღებში ვადაგასული პროდუქციის პრობლემა ყოველთვის არსებობდა და აღნიშნულის შესახებ გაერთიანებას არაერთხელ მიმართა, თუმცა პრობლემის მოგვარების ნაცვლად, არსებული ტენდენცია გრძელდება.
"ბაღებში ვადაგასული პროდუქციის არსებობის დამადასტურებელი ფოტომასალა არსებობს, რომელიც დღეს თავად ბაღებიდან მომაწოდეს. ეს არის დეკემბრის თვეში შეტანილი პროდუქცია. მსგავსი პრობლემაა რძის პროდუქტებსა და მწვანილზე. დღეს ერთ–ერთ ბაღში დააფიქსირა სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელმა, როგორ გაქონდათ ძველი კარაქი. ამ პრობლემაზე ყოველთვის ვსაუბრობდი გაერთიანებასთან და ვცდილობდი პრობლემა ადგილზე მოგვეგვარებინა, მაგრამ მსგავსი ტენდენცია გრძელდება და ეჭვია, რომ გაერთიანება მიმწოდებლებს მფარველობს",–აცხადებს ხონელიძე.
მისივე თქმით, ბაღებში სწავლის გადადება არა ვირუსებს, არამედ ჩაშლილ ტენდერებს უკავშირდება. ხონელიძის განცხადებით, ტენდერებში სასურველმა კომპანიებმა ვერ გაიმარჯვეს, ამიტომ მოხდა ტენდერების ჩაშლა.
ბაღებში ვადაგასული პროდუქციის არსებობას კატეგორიულად გამორიცხავს ბაგა-ბაღების გაერთიანება. გაერთიანების დირექტორის, მოადგილის მაკა დოღონაძის თქმით, ვერცერთი ბაღი ვერ გაბედავს ბავშვებამდე ვადაგასული და უხარისხო პროდუქცია მივიდეს. მისივე თქმით, არცერთ ბაღში სახალხო დამცველის წარმომადგენელი არ შესულა და მისთვის გაუგებარია, რატომ საუბრობს ზაალ ხონელიძე პრობლემაზე ახლა, რომლის შესახებაც ამ დრომდე არ უცნობებია გაერთიანების ხელმძღვანელობისთვის, მით უმეტეს, როდესაც მისი შვილიც დადის ბაღში.
მაკა დოღონაძე არც ტენდერების ჩაშლას ადასტურებს და აცხადებს, რომ არსებობს დოკუმენტაცია, სადაც კარგად ჩანს, რომ გაერთიანების მიერ გამოცხადებული ყველა ტენდერი შედგა და რომ ბაღები ბავშვების მისაღებად მზად არიან, თუმცა სასწავლო პროცესის გადადება ბაღებში ბავშვების არ მისვლის გამო მოხდა. ამავდროულად გაერთიანების გადაწყვეტილებით, ქალაქაში 4 მორიგე ბაღი მუშაობს.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





11:02
16:29
16:27
13:32
13:09
















