ქუთაისის ბიუჯეტი "ტორპედოს" და თეატრებს აღარ დააფინანსებს
ქუთაისის მერიამ საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე 2017 წლის ბიუჯეტის პროექტი დასამტკიცებლად გამოიტანა.
ბიუჯეტის პროექტს იწუნებს საკრებულოს ოპოზიცია. ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენლის, სამსონ გუგავას განცხადებით კი, ბიუჯეტის დამტკიცება უნდა შეჩერდეს. მისი თქმით, ჯერ ცენტრალური ბიუჯეტი არაა დამტკიცებული და შეუძლებელია ადგილობრივი ბიუჯეტის განსაზღვრა.
დეპუტატის ამ მოსაზრებას არ დაეთანხმა საკრებულოს თავმჯდომარე დავით დვალი.
ქალაქის მერის, შოთა მურღულიას განცხადებით კი, ცენტრალურ ბიუჯეტში ცვლილება მინიმალური იქნება და ამ მხრივ შეფერხება არ მოხდება. მერის განმარტებით, ზოგადად, ბიუჯეტი 100%-ით მაინც არ სრულდება.
"რაც შეეხება"ტორპედოს" დაფინასებას, კლუბი ქუთაისის ბიუჯეტის გვერდის ავლით მილიონი ლარით ფონდიდან დაფინანსდება", -განაცხადა მურღულიამ. მისი თქმით, ბიუჯეტიდან აღარ დაფინანსდება თეატრები, რითაც მისი თქმით, ქალაქმა, საერთო ჯამში, სამ მილიონხე მეტი დაზოგა, რომელიც ისევ ქუთაისში დარჩება და ინფრასტრუქტურას მოხმარდება.
„ენჯეოები და სხვა სექტორის წამომადგენლობი ყოველთვის გვაკრიტიკებდნენ, რომ თეატრის ხარჯებს ადგილობრივი ბიუჯეტიდან ვიხდიდით. მათი მოთხოვნა წელს გავითვალისწინეთ და მომავალი წლიდან თეატრებს სახელმწიფო დააფინანსებს. რაც შეეხება „ტორპედოს“ ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რაც შეგვეძლო და კლუბს დაეტყო სწორი და კარგი მენეჯმენტი. მიუხედავად ამისა კლუბის დაფინანსებაზე უარი განაცხადა ინვესტორმა. ჩვენ ვერავის დავავალდებულებთ „ტორპედოს“ პატრონობას. ადგილობრივი ბიუჯეტიდან კლუბის დაფინანსება ვეღარ მოხდება“,-აღნიშნა მურღულიამ.
კლუბის დაფინანსებაზე 2017 წლიდან ფეხბურთის ფედერაცია იზრუნებს, თუმცა სტადიონის და სხვა ინფრასტრუქურული სამუშაოებისთვის ხარჯებს ქალაქის მერია უზრუნველყოფს.
ქუთაისის 2017 წლის ბიუჯეტი წელს 51 572 800 ლარს შეადგენს.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი, ანი ლიპარიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















