ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე განცხადებას ავრცელებს
არასამთავრობო ორგანიზაციის „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ განცხადებას ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დვალი გამოეხმაურა. "ნიუპრესი", განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.
"აბსოლუტურად აბსურდული განცხადება, და სამწუხაროდ, სრულიად არაკომპეტენტური, ან კანონის ჩანაწერის მიზანმიმართული ნეგატიური ინტერპრეტაცია (თუმცა, იმედს ვიტოვებ, რომ უფრო განმცხადებელის არაკომპეტენტურობის ბრალია, ვიდრე მიზანმიმართული მავნებლობისა). ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 91-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამბობს რომ: „მუნიციპალიტეტის საკრებულო საჯაროდ განიხილავს ბიუჯეტის პროექტს და ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებამდე, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით იღებს გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების შესახებ.“ ანუ, ვერ (ან არ) გამგებისათვის განვმარტავ, რომ საკრებულომ ბიუჯეტის პროექტი უნდა განიხილოს ღია საჯარო სხდომაზე და ისე მიიღოს გადაწყვეტილება, რისი პრობლემა ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს არასოდეს ჰქონია და არც აქვს. საკრებულოს სხდომას ყოველთვის ესწრებიან დაინტერესებული პირები, საკრებულოს სხდომის პირდაპირი ტრანსლირება ხდება მედიასაშუალებით და მეტიც, ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო პირველი საკრებულოა საქართველოში, რომელმაც დაიწყო სხდომების საპილოტე მაუწყებლობა სოციალურ ქსელშიც და მაღალი ალბათობით საბიუჯეტო სხდომაც იმავე ფორმატში ჩატარდება. ასე რომ, აღნიშნული შენიშვნა არაკომპეტენტური, ან უარეს შემთხვევაში ხელოვნურია. აქვე მინდა მცირე რიტორიკული შეკითხვა დავსვა ობიექტური მკითხველისთვის: ორგანული კანონის ზემოაღნიშნული მოთხოვნა ამ რედაქციით არსებობს კანონის ძალაში შესვლის დღიდან (2014 წელი). ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დღიდან კანონის ძალაში შესვლიდან დღემდე უკვე 2-ჯერ დაამტკიცა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი. ჩემთვის არ არის ცნობილი რომ ამ გადაწყვეტილებებზე მსგავსი ტიპის შენიშვნა წინა 2 შემთხვევაში ჰქონოდა რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციას, მათ შორის „გამჭვირვალობას“ (ყოველ შემთხვევაში აღნიშნული შენიშვნით არავის მოუმართავს). და რა მოხდა ახლა, მე-3 წელს? „გამჭვირვალობას“ საკრებულოს მიმართ რაიმე რიტორიკული შენიშვნის ქონა სასიცოცხლო ვალდებულებად ექცა?",-ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ მორიგ ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც ქუთაისის ადგილობრივი ბიუჯეტის განხილვას ეხება. ორგანიზაციის ინფორმაციით, მერიამ და საკრებულომ ბიუჯეტის განხილვის პროცესი საზოგადოებრივი ჩართულობის გარეშე ჩაატარეს.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















