"ქუთაისის საკრებულოში მეორე ნანა კოსტავა გამოჩნდა"
ქუთაისის საკრებულოში მეორე ნანა კოსტავა გამოჩნდა - აცხადებენ სამოქალაქო აქტივისტები საკრებულოს უმრავლესობის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ.
"უკვე მეორე ნანა კოსტავას ვხედავ საკრებულოში, რომელიც ზუსტად ისე, რელიგიური ფანატიზმის ენით საუბრობს, როგორც ნანა კოსტავა,"-განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაციის "რეგიონული განვითარება - დემოკრატიისათვის" წარმომადგენელმა მანანა ბარამიძემ.
სამოქალაქო აქტივისტის გიზო ბანძელაძის თქმით, აქციები აუცილებლად გაგრძელდება.
"ჩვენ ამ შეხვედრიდან გავიგეთ ის, რომ საკრებულოში კიდევ არიან ადამიანები, რომლებიც გარკვეულწილად იზიარებენ ნანა კოსტავას პოზიციებს. ამ შეხვედრაზე უმრავლესობის დეპუტატი აშკარად ცდილობდა დაეცვა ნანა კოსტავას პოზიცია. ალეკო ახალაძე ფსევდოქრისტიანული პათოსით და ფსევდოიდეალებზე აპელირებით ცდილობს დაიცვას და შეგვაცოდოს ნანა კოსტავა. რეალურად, ჩვენ პიროვნულად არავის ვუპირისპირდებით, ჩვენ ვედავებით სიძულვილის ენის გამოყენებას. აქციები აუცილებლად გაგრძელდება, თუმცა ჯერ მოვილაპარაკებთ და შევთანხმდებით, თუ რა ფორმით გავაგრძელებთ აქციებს", -განაცხადა გიზო ბანძელაძემ.
შეგახსენებთ, ქუთაისის საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატებსა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს შორის ნანა კოსტავას საკითხთან დაკავშირებით საკრებულოს დარბაზში შეხვედრა შედგა. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა დეპუტატებს პოზიციის დაფიქსირება თხოვეს კოსტავას მიერ სიძულვილის ენის გამოყენების ფაქტთან დაკავშირებით. საკრებულოს წევრების განცხადებით, ისინი იზიარებენ საკრებულოს თავმჯდომარის ნიკა ლატარიას განცხადებას. ნანა კოსტავას პოზიციის დაცვას შეეცადა უმრავლესობის დეპუტატი ალეკო ახალაძე, რის გამოც შეხვედრა ხმაურით და სიტყვიერი დაპირისპირებით დასრულდა.
ავტორი: ირინა მაკარიძე




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















