ქუთაისის საოპერო ფესტივალი სპექტაკლით "ჯამბაზები" გაიხსნა
ქუთაისში პირველი საერთაშორისო საოპერო ფესტივალი გაიხსნა. კვირეული დღეს მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში სპექტაკლით "ჯამბაზები" დაიწყო. სპექტაკლში ქართველ შემსრულებლებთან ერთად მეტროპოლიტენ-ოპერის სოლისტმა, ტენორმა რაულ მელომ იმღერა. მომღერლის თქმით, მოხარულია, რომ იმყოფება ქუთაისში, სადაც კიდევ ერთხელ გააცოცხლებს უკვდავ არიებს.
"მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები ქუთაისში და სცენაზე გავაცოცხლებ უკვდავ არიებს, რომლებიც არაერთხელ მაქვს შესრულებული. სიამოვნებით დავთანხმდი შემოთავაზებას და შემოვუერთდი ფესტივალს, რომელიც გაგრძელდება და განვითარდება. რაც შეეხება ქუთაისს, ძალიან მომწონს ქალაქი, ხალხი და სამზარეულო. წარმატებას ვუსურვებ ქუთაისს", - განაცხადა რაულ მელომ.
ფესტივალის ორგანიზატორმა დავით ღვიანიანიძემ გახსნის ცერემონია დადებითად შეაფასა. "ემოციებით დატვირთული ვარ, გაიხსნა ფესტივალი და წარმატებით შედგა ეს დღე. დიდი სიამოვნება გველოდება, რადგან ფესტივალი გრძელდება და მსმენელი არაერთ წარმატებულ ვარსკვლავს მოუსმენს", - აღნიშნა დავით ღვინიანიძემ.
ფესტივალი 22 სექტემბრამდე გაგრძელდება და გალა კონცერტით დასრულდება. ორგანიზატორების განცხადებით, ფესტივალი ტრადიციულ ხასიათს მიიღებს და ყოველწლიურად გაიმართება.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















